პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიუჯეტო განაცხადს დაფინანსების გაზრდის შესახებ მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, გენერალური დირექტორის კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ბიუჯეტი 1.8 მლნ-ით უნდა გაიზარდოს.
"2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 12.8 მლნ ლარს. რაც შეეხება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს, გათვალისწინებულია 14.6 მლნ ლარი, ანუ 2024 წლის ბიუჯეტთან მიმართებით ზრდა 1.8 მლნ-ს ითვალისწინებს.
450 თანამშრომელი და 50 შტატგარეშე თანამშრომელია. საერთო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურება ამ ეტაპზე 8.9 მლნ ლარია", - განაცხადა გამსახურდიამ.
ახალმა გენერალურმა დირექტორმა, რომელიც თანამდებობაზე გიორგი კეკელიძის გადაყენების შემდეგ დაინიშნა, საბიუჯეტო თანხის ზრდის მიზეზები განმარტა.
მათ შორისაა, გაზრდილი კომუნალური და დასუფთავების ხარჯი, ასევე საქონლის შესყიდვის და მივლინების ხარჯები. არაფინანსური აქტივები და წიგნების გაციფურულება ასევე, ზრდის მიზეზი გახდა.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მმართველი უმრავლესობის წევრებთან ერთად, ბიუჯეტის ზრდას დაეთანხმა ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძეც, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი, ვინც საქმეს აკეთებენ იჩაგრებიან.
"შეჭამა ბიუროკრატიამ ქვეყანა და ისინი, ვინც საქმეს აკეთებენ იჩაგრებიან. წლების განმავლობაში არ იცვლება ბიუჯეტი. არც ხელფასები იზრდება არაფერი, მხოლოდ მცირე ტექნიკური გადაიარაღება. შტატგარეშე თანამშრომლები პირველი უწყებაა ვინც არ დაამატა. ამდენ საქმეს როცა აკეთებენ, რატომ არ უნდა აიყვანონ? ეს არ არის ადეკვატური ბიუჯეტი. თანხა უნდა დაიზარდოს და საქმის მკეთებლებს უნდა ჰქონდეთ მეტი ფული", - განაცხადა გოცირიძემ.
რაზეც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა მათეს სახრებიდან ციტატით , უპასუხა - "სამკალ ფრიად არს, ხოლო მომკელ მცირე. ეს ასეა და უნდა გაიზარდოს, გეთანხმებით".