მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი წლისთვის ტურისტული ობიექტი „პაოს კოტეჯები“ რაჭაში ორ ახალ კოტეჯს ამატებს

PAO

ტურისტული ობიექტი, „პაოს კოტეჯები“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც რაჭაში, კერძოდ შაორის ტერიტორიაზე მდებარეობს და ბაზარზე ორი წელია ოპერირებს.

როგორც საოჯახო ბიზნესის თანადამფუძნებელი, მარიამ ქემოკლიძე BM.GE-სთან აცხადებს, ბიზნესის განვითარების მიზნით, საოჯახო ბიზნესის მეტად გაფართოება გადაწყვიტეს და ობიექტის მიმდებარედ, მომავალი წლისთვის ორი ახალი კოტეჯის აშენება გადაწყვიტეს.

მისივე ინფორმაციით, არსებული კოტეჯი 4 სართულისგან შედგება და ჯამში 20 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ამასთან, ეზოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი აქტივობები და აუზია განთავსებული, რომელიც მიმდინარე წელს დაამატეს.

„უკვე მეორე სეზონია, რაც მომხმარებლებს აქტიურად ვიღებთ. მანამდე, არსებულ კოტეჯს საკმაოდ დიდხანს ვაშენებდით. სივრცე გარდა განთავსებისა, ეზოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობ აქტივობებს ვთავაზობთ, ამასთან წელს აუზიც დავამატეთ.

რაც შეეხება განთავსების ღირებულებას, ეს სეზონსა და მომხმარებლების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუმცა, მაგალითად აგვისტოში განთავსების ღირებულება 350 ლარიდან 500 ლარამდეა განსაზღვრული, მაგრამ ამაში კვება არ შედის. თუმცა ფასში ყველა ატრიბუტი შედის, რაც შიდა სივრცეშია განლაგებული. ძირითადად ადგილობრივები გვსტუმრობენ, ძალიან იშვიათად გვყოლია უცხოელებიც, კერძოდ უკრაინიდან და ყაზახეთიდან.

სივრცეში 20 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. კოტეჯი 4 სართულიანია. თუმცა, ვამატებ კიდევ 2 კოტეჯს, რომელიც შედარებით მცირე, მაქსიმუმ 4 ადამიანზე იქნება გათვლილი. სავარაუდოდ კოტეჯები მომავალი წლისთვის იქნება გახსნილი და შეძლებს სტუმრების მიღებას. ამ ეტაპზე, განთავსების ღირებულება ან ზუსტი ინვესტიციის კალკულაცია არ მომხდარა. სრულად ჩვენი რესურსებით ვაშენებთ ახალ ობიექტებს“,- აცხადებს ობიექტის თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები