მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომავალშიც გპირდებით მხარდაჭერას" - ირაკლი კობახიძე სტარტაპერებს

ირაკლი კობახიძე
17.09.25 17:54
3017

"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას სძენს ეკონომიკის განვითარებას. მან ამის შესახებ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია, რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას - 20 წარმატებული სტარტაპის დაჯილდოებას. ეს არის კულმინაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში ინოვაციების, სტარტაპების განვითარებასთან. სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას სძენს ეკონომიკის განვითარებას. აქ თავს იყრის, როგორც ტექნოლოგიები, ასევე შემოქმედებითი მიდგომა, ცოდნა. ამ კუთხით, სტარტაპების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალშიც. ეს ზრდის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზრებზე და შესაბამისად, მომავალშიც, საქართველოს მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს სტარტაპების განვითარებას. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან სტარტაპების განვითარების მიმართულებით, იმისათვის, რომ შევქმნათ უფრო ხელსაყრელი გარემო სტარტაპებისთვის ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ გავამარტივეთ საგადასახადო კანონმდებლობაც, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ მიიღოთ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და პირველი 3 წლის განმავლობაში მთლიანად გათავისუფლდებით საშემოსავლო გადასახადისგან. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალშიც, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ მიმართულების შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისში შეიქმნება ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით.

„გუშინ ვეწვიეთ ქუთაისს, სადაც ვქმნით ტექნოლოგიურ ჰაბს, ესეც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იდგმება სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ მსოფლიო დონის აქსელერატორები და ინვესტორები და ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვის კეთდება – რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეები, პირველ რიგში, აქ, საკუთარ ქვეყანაში განავითარონ და იდეების რეალიზება შეძლონ საქართველოში. თქვენი წარმატება არის მაგალითი ახალგაზრდებისთვის და არამარტო, ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის. თითოეული თქვენი ისტორია სტიმულს აძლევს ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომ თავადაც მიაღწიონ წარმატებებს, აიხდინონ ოცნება, სტარტაპად აქციონ იდეები და ამ კუთხით, სამაგალითოა ის საქმე, რომელიც თქვენ, სტარტაპერებმა გააკეთეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ მიღწეულ წარმატებას! ეს ჯილდო არის არამხოლოდ დაფასება იმ საქმიანობისა, რომელიც თქვენ განახორციელეთ, არამედ პასუხისმგებლობაც არის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად განავითაროთ საკუთარი იდეები. სტარტაპების განვითარება, ინოვაციების, ტექნოლოგიების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალშიც და ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული ინიციატივები. ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს და მომავალშიც გპირდებით მხარდაჭერას,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები