მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო 5-10 წელი გარკვეული რაოდენობის ადამიანების შემოყვანა ქვეყანაში მუდმივად აუცილებელი იქნება - ზურაბ ლალაზაშვილი

მუშახელი

ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, დღეს მათთვის მთავარ გამოწვევად კადრების მწვავე დეფიციტი და პროფესიონალი კადრების ნაკლებობა სახელდება, რომლის მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყვეტად მუშახელის რეგიონის ქვეყნებიდან შემოყვანა სახელდება. დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, დღეს სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული კადრების 20-40% უცხოელია.

BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება არ შეფერხდეს. ლალაზაშვილის თქმით, უკეთესი იქნება უცხოელი კადრების შემოყვანის ადმინისტრირების გამარტივება, რომ პროცესი ბიზნესისთვის უფრო მარტივი იყოს.

“ბიზნესი როდესაც ხედავს, რომ ხელი ეშლება მას, ის ცდილობს მოიფიქროს გამოსავალი, ერთ-ერთი სპეციალისტების უცხოეთიდან შემოყვანაა. ხშირად არ იცის ბიზნესმა, როგორ მოიქცეს, ერთი ადამიანის შემოყვანა რომ გინდა სხვაა, მაგრამ როცა დიდი რაოდენობით მუშახელი გჭირდება, ეს ნიშნავს, რომ გჭირდება სამსახური, რომელიც დააორგანიზებს ამ ადამიანების შემოყვანას, მათი კონტრაქტებია გასაკეთებელი, დასარეგისტრირებელია ეს კონტრაქტები შესაბამის სახელმწიფო სამსახურთან, ადმინისტრირებაა მათი გასაკეთებელი და ა.შ. ამას ბიზნესი მეტ ნაკლები წარმატებით ართმევს თავს, თუმცა ვიღაცამ არ იცის ეს როგორ უნდა გააკეთოს.

უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო ბიზნესთან ამ მიმართულებით, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ის ხალხი, ვინც შემოიყვანა კადრები უცხოეთიდან. მე დეტალები არ ვიცი მათ ჰქონდათ თუ არა რაიმე შეფერხება, მაგრამ უკეთესი იქნება ადმინისტრირების პროცესის გამარტივება, რომ უფრო მარტივი იყოს მუშახელის შემოყვანა.

თუ მაგალითად ამას უფრო მასობრივი სახე ექნება და უფრო დიდ რაოდენობაზეა საუბარი, შეიძლება არამხოლოდ ცალკეული კომპანიების მხრიდან ჩატარდეს კონკრეტული სამუშაოები, არამედ გაერთიანება მოხდეს და ცენტრალიზებულად მოხდეს თუნდაც მუშაობა ამა თუ იმ ბაზართან და იქ მცხოვრებ პირებთან იმასთან დაკავშირებით თუ ისინი საქართველოში გადმოვლენ რა უპირატესობებით ისარგებლებენ, რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ და ა.შ.”-ამბობს BDO-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

ის საუბრობს სხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც. მისი თქმით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, რაც ამცირებს ადგილობრივ ბაზარს. ლალაზაშვილის თქმით, მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში აუცილებელი იქნება უცხოეთიდან ადამიანების შემოყვანა, რადგან მისი თქმით, შესაძლოა სწორედ ადამიანური რესურსი იყოს ის, რაც ეკონომიკის განვითარებას მომავალში შეაფერხებს.

“მეორე მხრივ, რომ ავიღოთ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობაში გვაქვს შემცირების ტენდენცია. მომხმარებლები არის ცოტა რაოდენობის, ახლა კი ვსაუბრობთ დროებით ეკონომიკისთვის მუშახელის შემოყვანაზე, მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენ დაგვჭირდება ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება რელოკალაცია მოხდეს ამ ადამიანების მუდმივად, როგორ შეიძლება მოხდეს მათთვის მოქალაქეობის მინიჭება, როგორ შეიძლება მათი სხვადასხვა სისტემებში ჩართვა, განათლება იქნება თუ ჯანდაცვა.

გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანური რესურსი იქნება ის, შეიძლება იყოს რაც ყველაზე მეტი შემაფერხებელი ქვეყნის განვითარებაში. ბიზნესმა შეიძლება მოიფიქროს ესა თუ ის პროექტი როგორ დაასრულოს, შემოიყვანს კადრებს, დასრულდება პროექტი და წავა ეს ხალხი, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვჭირდება მეტი რაოდენობა. მე არ ვსაუბრობ ათეულობით მილიონობით ადამიანზე, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ადამიანების შემოყვანა მუდმივად იქნება აუცილებელი 5-10 წლის განმავლობაში“, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები