ჯუთას გზის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, მომდევნო კვირიდან კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, გზაზე გადაადგილება აიკრძალება.
„ჯუთას გზის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და გამაგრებითი სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია. როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი. 2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია.
გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინა სამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება, კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს.
მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება“ - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.