TBC Capital-ში მომდევნო წლებში ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდას ელიან - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის საქართველოს საწვავის საცალო ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი. პუბლიკაციის ავტორები განმარტავენ, რომ საწვავის იმპორტის ზრდის მოლოდინი საქართველოს ავტოპარკის ზრდით არის განპირობებული.
TBC Capital-ი მიუთითებს, რომ 2025 წლის პირველ 9 თვეში ავტოპარკს 125.3 ათასი ავტომობილი დაემატა, რომელთა ნახევარზე მეტიც (61%) ბენზინს მოიხმარს, 14% კი - დიზელს. 21% - ჰიბრიდულ ძრავზეა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ნახშირწყალბადის მოხმარება თითქმის სრულადაა იმპორტზე დამოკიდებული. გასულ წელს ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, პუბლიკაციის თანახმად, 2024 წელს ბენზინის იმპორტი წლიურად 7.6%-ით, 918 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა. იმპორტის ნახევარზე მეტი, 51%, რეგულარის ტიპის საწვავზე მოდის.
კერძოდ:
- რეგულარი - 470 მლნ ლიტრი
- პრემიუმი - 425 მლნ ლიტრი
- სუპერი - 23 მლნ ლიტრი
TBC Capital-ის თანახმად, ჯამურ იმპორტში რეგულარის ტიპის საწვავის წილი კლებადია და, თუ წელს 51%-ს შეადგენდა, გასულ წლებში 59%-დან 69%-მდე მერყეობდა. რეგულარის იმპორტი პრემიუმ საწვავის ხარჯზე მცირდება, რადგან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, იზრდება ახალი ავტომობილების იმპორტი და ახლდება ავტოპარკი, რაც პრემიუმ ტიპის საწვავზე მოთხოვნას ზრდის.
ბენზინის საშუალო საიმპორტო ფასი გასულ წელს ლიტრზე 60-65 ცენტის ფარგლებში მერყეობდა და კლების ტენდენცია დააფიქსირა, რაც 2025 წლის პირველ 9 თვეშიც შეინიშნება. ფასის კლებას მსოფლიოში ნავთობის გაიაფებასა და საქართველოსთვის იაფიან ბაზრებზე წვდომას მიაწერენ.

რაც შეეხება დიზელის ტიპის საწვავს, იმპორტი ბოლო ორი წელია, იზრდება. თუ 2019-2022 წლებში დიზელის იმპორტის მოცულობა სტაბილურად 654-დან 704 მილიონ ლიტრამდე მერყეობდა, გასულ წელს მან 770 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 9.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ანგარიშის თანახმად, დიზელზე მოთხოვნის ზრდა ისეთ სექტორებში ეკონომიკური აქტივობის გაზრდითაა განპირობებული, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა, რადგან ამ ტიპის საწვავს, ძირითადად, მძიმე ტექნიკა მოიხმარს.
დიზელის საშუალო საიმპორტო ფასი ასევე დაღმავალ ტრენდს მიყვება და გასულ წელს 63 ცენტს შეადგენდა.

TBC Capital-ის პუბლიკაცია ნავთობპროდუქტების საიმპორტო ბაზრებსაც მიმოიხილავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმპორტი დივერსიფიცირებულია. გასულ წელს საქართველო ბენზინს, ძირითადად, ბულგარეთიდან (32%), რუსეთიდან (26%) და რუმინეთიდან (24%) ყიდულობდა.
რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, ქვეყნის წილი საქართველოში ბენზინის იმპორტში მკვეთრად შემცირდა.
რაც შეეხება დიზელს, 2024 წელს იმპორტის 74% რუსეთზე მოდიოდა. რუსეთიდან დიზელის იმპორტი 2022 წლიდან მზარდ ტენდენციას აფიქსირებს.





























