ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს, საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რისკები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„მომდევნო თვეების განმავლობაში და მომავალ წელსაც ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება. ეს რისკები ძირითადად პანდემიიდან მომდინარეობს, თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე პროგნოზში 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდაში დღევანდელი რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს, სრულად ასახულია. ამავე დროს მოსახლეობას მოვუწოდებ, ყველამ მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ ვაქცინის გაკეთება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნის ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.




























