კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანის შეფასებით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით სავალუტო რეზერვების მოცულობის ზრდა ბანკებისთვის დაწესებულ ახალ სარეზერვო მოთხოვნას უკავშირდება.
როგორც გულედანმა BMG-ის განუცხადა, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობიდან და უცხოური ვალუტის რიგი წყაროების შემცირების ფონზე, მომდევნო პერიოდში ეროვნულ ბანკს რეზერვების გაზრდა გაუჭირდება.
„სავალუტო რეზერვების შევსება ორი ფაქტორითაა გამოწვეული. გარკვეული წილი ამ 324 მლნ დოლარიდან ბაზრიდან ამოღებული თანხები იქნება, ამ თანხების დიდი წილი 324 წილი კი კომერციული ბანკების მიერ დარეზერვებული თანხებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს არაა ქვეყანაში შემოსული დოლარის ახალი მასა. ესაა არსებული დოლარის დამატებითი წილის გადატყორცნა ეროვნულ ბანკში.
იმ პირობებში, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, შემცირდა ფინანსური დახმარებები, ძალიან გაუჭირდება ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების გაზრდა. შემდგომ თვეებში, როდესაც კრიზისი უფრო გაშლის ფრთებს, ეროვნული ბანკისთვის ძალიან რთული იქნება, რეზერვები გაამდიდროს. რაც თავის მხრივ, უკვე იმოქმედებს ლარზე, ფასების სტაბილურობაზე და ინფლაციაზე“, - განაცხადა მარინა გულედანმა.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4.4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში შემცირებაა, თვის ჭრილში კი ზრდა. დეკემბერში წინა წლის საანგარიშო თვესთან შედარებით მთლიანი რეზერვები 562 მლნ დოლარით შემცირდა, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით კი 323.6 მლნ დოლარით გაიზარდა.
თვიურ ჭრილში რეზერვების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2024 წლის 19 დეკემბრიდან გაეზარდათ. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით ზრდის გადაწყვეტილება 27 ნოემბერს მიიღო. სარეზერვო მოთხოვნების მატების შემდეგ, რეზერვების მოცულობის ზრდა მოსალოდნელი იყო.