გასული წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში შემცირდა, თვის ჭრილში კი გაიზარდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში წინა წლის საანგარიშო თვესთან შედარებით მთლიანი რეზერვები 562 მლნ დოლარით შემცირდა, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით კი 323.6 მლნ დოლარით გაიზარდა.
თვიურ ჭრილში რეზერვების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ის არის, რომ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2024 წლის 19 დეკემბრიდან გაეზარდათ. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით ზრდის გადაწყვეტილება 27 ნოემბერს მიიღო 20%-დან 25%-მდე. სარეზერვო მოთხოვნების მატების შემდეგ, რეზერვების მოცულობის ზრდა მოსალოდნელი იყო.
რაც ეხება სტატისტიკას უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ნოემბერში რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4.123 მლრდ დოლარს, დეკემბერში - 4.447 მლრდ დოლარს, ხოლო 2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5.009 მლრდ დოლარი იყო.
რაც შეეხება კონკრეტულად სავალუტო რეზერვებს, აქაც წლიურ ჭრილში შემცირებას, თვის ჭრილში კი ზრდა ფიქსირდება. სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობა შეადგენდა 3.396 მლრდ დოლარს, ნოემბერში კი 3.059 მლრდ დოლარს. 2023 წლის დეკემბერში კი სებ-ს 4.553 მლრდ დოლარის სავალუტო რეზერვები ჰქონდა.
ამასთან, დეკემბრის მდგომარეობით სარეზერვო ოქროს მოცულობა 598.7 მლნ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.118 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 1.278 მლრდ დოლარს ინახავს.
ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნა განისაზღვრება მათი სადეპოზიტო პორტფელების დოლარიზაციის შესაბამისად. აქამდე დარეზერვების ზედა ზღვარი იყო 20%, თუმცა 19 დეკემბრიდან ის 25%-ით განისაზღვრა.