საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ბრძანება კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაზრდასთან დაკავშირებით. ბრძანების თანახმად, ის ძალაში 19 დეკემბრიდან შევა.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით ზრდის გადაწყვეტილება 27 ნოემბერს მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ ბანკებში არსებული სავალუტო ლიკვიდობა გაზრდილ სავალუტო დაკრედიტებაში არ გადაიქცეს.
ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნა განისაზღვრება მათი სადეპოზიტო პორტფელების დოლარიზაციის შესაბამისად. აქამდე დარეზერვების ზედა ზღვარი იყო 20%, თუმცა 19 დეკემბრიდან ის 25%-ით განისაზღვრება.
"გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:
ა) 25%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;
ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;
გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
RR=10%+[(DR-40%)*(25%-10%)/(70%-40%)]
სადაც:
RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;
DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ბრძანებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ფარგლებში დაცულია 4.8 მილიარდი ლარი, ანუ 1.8 მილიარდი დოლარი. ამ მოთხოვნის 5%-ით ზრდის შემდეგ ის დაახლოებით 5.14 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.