საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, კომერციულ ბანკებში ერთ წლამდე ვადით მოზიდული სავალუტო სახსრების სარეზერვო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე სარეზერვო განაკვეთი 25%-ს შეადგენდა, თუმცა დღეს ეროვნულმა ბანკმა ეს განაკვეთი დამატებით 5 პპ-ით შეამცირა. სებ-ის განმარტებით ეს გადაწყვეტილება ბანკების ლიკვიდობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და ქვეყნის ეკონომიკას ახალ საკრედიტო რესურსს მიაწვდის.
ამასთანავე, სებ-მა შეცვალა გრაფიკი, რომელშიც ბანკებს კონტრციკლური ბუფერი 1%-იან დონეზე უნდა შეევსოთ. მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა რომ ერთწლიან პერიოდში ბანკებს ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ, თუმცა ახალი გრაფიკით, სარეზერვო მოთხოვნის 1%-მდე შევსების ვადა 2027 წლის 15 მარტისთვის უნდა მოხდეს.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილებები გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საპასუხოდ მიიღეს, რამაც ევროს და დოლარის ფინანსური რესურსის მოზიდვა გააძვირა.
"გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1 პროცენტი. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20 %-მდე შეამცირა. აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს, და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.
რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა და რა გავლენა აქვს მას კრედიტების საპროცენტო განაკვეთზე?
მომხმარებლების მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.
შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.