ფიტნეს დარბაზებით სარგებლობის სააბონენტო სისტემა "ფიტპას ჯორჯიას" მომხმარებელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამო კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პირობითი ვალდებულებები განუსაზღვრა.
GCCA-მ "ფიტპას ჯორჯიასთან" გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას საკუთარი შიდა პოლიტიკის გამოსწორებას და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ავალდებულებს. GCCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
"გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
მომსახურების ხელშეკრულებაში, ცვლილებ(ებ)ის შეტანის შემთხვევაში, 1 თვით ადრე, სერვისის თითოეულ მომხმარებელს ელ-ფოსტის მეშვეობით აცნობოს.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 3 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად,"- ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანია "ფიტპას ჯორჯია" კომპანიებს ყოველთვიური სააბონენტოს სანაცვლოდ მათი თანამშრომლებისთვის სპორტ დარბაზებით და სხვადასხვა სპორტული და გამაჯანსაღებელი დაწესებულებებით სარგებლობის სერვისს სთავაზობს.