მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომხმარებლები მოგვემატა“- რა გავლენა ჰქონდა ახალ რეგულაციებს პარაპლანით ფრენის სერვისზე?

პარაპლანი

გასული წლიდან პარაპლანით ფრენა ახალი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ამოქმედდა ახალი წესები, რასაც ტრაგიკული შემთხვევა უდევს საფუძვლად. გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მყოფი რვა პირი გარდაიცვალა.

ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია, ანუ ჩაბარებული აქვთ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა. გამოიყო სპეციალური ადგილებიც, სადაც დასაშვებია პარაპლანით ფრენა. აქამდე ეს იყო გუდაური, ბაკურიანი და ანანური, რამდენიმე დღის წინ კი ამ ჩამონათვალს კიდევ სამი ლოკაცია დაემატა, თბილისის ზღვის, საგარეჯოს და მესტიის სახით.

უსაფრთხო ფრენის განხორციელებას ოპერატორი კომპანიები კურირებენ. სასტარტო მოედანი მხოლოდ მას შემდეგ იხსნება, რაც შემოწმდება მხედველობა, ქარის სიჩქარე. ადგილზე შემოწმებას გადიან ასევე მფრინავები, აქვთ თუ არა ლიცენზია, ტექდათვალიერება გავლილი აქვს თუ არ ამათ აღჭურვილობას და რაც მთავარია მოწმდება მგზავრები, აქვთ თუ არა საინფორმაციო ბარათზე ხელი მოწერილი, რომ თავად მიიღეს გადაწყვეტილება და ფრენის პროცესზე მიღებული აქვთ თუ არა ახსნა-განმარტება.

გუდაურში პარაპლანით ფრენებს ოპერირებას კომპანია „გუდაურის ცა“ უწევს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, გუდაურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო თავდაპირველად დაბალი მოთხოვნა იყო, თუმცა უსაფრთხოების წესების გამკაცრების შემდეგ, ფრენის სურვილს გაცილებით ბევრი ქართველი და უცხოელი გამოთქვამს.

„როცა ოპერირება დავიწყეთ, მოთხოვნა იყო ძალიან დაბალი, რადგან ეშინოდათ როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს გაფრენის მომხდარიდან გამომდინარე, მაგრამ ნელ-ნელა მომხმარებელი მოგვემატა, ქართველებიც არიან და უცხოელი ტურისტებიც. ვინც იცის პარაპლანით ფრენა რა არის და სურვილი აქვს იფრინოს, ყველამ იცის, რომ ინციდენტი და შემთხვევა მთელს მსოფლიოში ხდება, მაგრამ მთავარია მაქსიმალურად დავიცვათ კანონი და მოვყვეთ რეგულაციების ფარგლებში“-აცხადებს გიგი სეთურიძე.

როგორც ის ამბობს, ახალი რეგულაციების პირობებში მფრინავებს და ოპერატორ კომპანიებს გაეზარდათ ხარჯებიც, თუმცა ეს ფრენის ტარიფზე მინიმალურად აისახა.

„როგორც მფრინავებს, ისე კომპანიებს გადასახადები გაეზარდათ, რადგან რეგულაციების ფარგლებში მოვყევით, იქ სადაზღვევოს გადასახადს იხდიან, ტექდათვალიერებაა საჭირო აღჭურვილობაზე, მაგრამ დიდად ფასი არ გაგვიზრდია. ფასს სტაბილურს ვიჭერთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რათა მეტი დამსვენებელი შემოვიდეს ჩვენთან. სტანდარტულად 300 ლარი ჯდება ფრენა. მასში შედის 15 წუთის ფრენა, ტრანსფერი, ვიდეო გადაღება, დაზღვევა და მოიცავს ყველა გადასახადს. მაგალითად, თურქეთში 150 დოლარი ჯდება მინიმალური დროით რომ იფრინო“,-აცხადებს სეთურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები