2025 წლის 31 აგვისტომდე პარაპლანით ფრენის რეგულირების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/ კატეგორიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების და პარაპლანის ვარგისობის დადგენის განმახორციელებელ პირად საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია დარჩება.
უკვე 1 წელია ფრენები ამ რეჟიმით რეგულირდება. თითქმის 18-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები იანვრის დასაწყისში აღდგა და ზედამხედველი და ნებართვის გამცემი ფედერაციაა.
ფედერაციის გამგეობის წევრი, მონიკა ტაბატაძე bm.ge-სთან ამბობს: "სივრცის გამოყოფასთან დაკავშირებით პასუხი არის ასეთი, რომ აგვისტოს ბოლომდე ჩვენს მიერ მოთხოვნილ ყველა სივრცეზე მოხდება ნებართვის გაცემა, ასეთი სულ 13-ია. იქამდე, სანამ მუდმივი საფრენი სივრცეები გამოიყოფა ნოტამით ისევ გამოვაყოფინეთ სამი დამატებითი სივრცე, სვანეთში, საგარეჯოში და თბილისში. ეს იყო ძირითადი ლოკაციები, რაც სკოლისთვის გვჭირდებოდა და აქამდე არ გვქონდა. სკოლა ამუშავდება აგვისტოს ბოლოდან. დანარჩენი საფრენი ადგილები კი გუდაურშია რეგისტრირებული 2 ასაფრენი ადგილი და ასევე ანანურის ლოკაცია", - განაცხადა ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, პარაპლანით ფრენა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ივლისში მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრენის დროს 2 ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. ერთი წლის თავზე კი, სექტორს ფრენების აღდგენის ნებართვა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მიეცა.
2023 წლის 8 მაისს კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა წესები, რომლებიც პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს არეგულირებს. ეს წესები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა მათ შესასრულებლად გარკვეული მოთხოვნები მაინც არსებობს.