მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარაპლანის მფრინავების გამოცდები დაიწყო- რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა?

64905add22707
ანუკა ჯოხაძე
19.06.23 22:32
577
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტით სფერო სრულად რეგულირდება და კონტროლის ქვეშ ექცევა.

შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტით რამდენიმე მიმართულებით შევიდა ცვლილებები. მათ შორის პარაპლანის პილოტებს შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ვალდებულება გაუჩნდათ, რომელსაც პარაგლაიდინგის შემადგენლობაში შემავალი 4 ფედერაციიდან ერთ-ერთი ახორციელებს.

კანონში ვკითხულობთ, რომ თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასური 80 ლარია, ხოლო პრაქტიკული გამოცდის ღირებულება 180 ლარს შეადგენს. პარაპლანის მართვის მოწმობის მისაღებად მსურველს 50 ლარის გადახდა მოუწევს, იმისთვის რომ მართვის მოწმობა მიიღოს.

მფრინავი ლევან ჩოხელი, რომელიც პარაგლაიდინგის ასოციაციაში შექმნილ საგამოცდო და აღიარების კომისიაშია, ამბობს, რომ პარაპლანის მფრინავის თეორიულ გამოცდაზე აპლიკანტების განაცხადების მიღება გასულ კვირას დაიწყო და ერთ კვირაში 15 განაცხადი შევიდა.

“ვთვლი, რომ ბაზრის მოთამაშეების უმრავლესობა მზად არის. მე თვითონ საგამოცდო და აღიარების კომისიაში ვმუშაობ. განაცხადები შემოდის თეორიული გამოცდები დაწყებულია და საკმაოდ მაღალ დონეზე და ხარისხიანად აბარებენ კანდიდატები გამოცდებს. თეორიულ გამოცდაზე განაცხადების მიღება გასულ კვირას დაიწყო და პარასკევს 15 კანდიდატის განაცხადი გვქონდა.

აქედან 12-მა უკვე ჩააბარა თეორიული გამოცდა. თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ გადავდივართ უკვე პრაქტიკულ გამოცდებზე, რომლის შემდეგი ეტაპია უკვე ტანდემ პილოტების გამოცდები, თეორიული და პრაქტიკული. ამის შემდეგ პილოტს შეეძლება ტანდემ კომერციული ფრენების განხორციელება,”-ამბობს ლევან ჩოხელი.

კითხვაზე ხომ არ იწვევს სფეროს დარეგულირება დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების შექმნას და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება კანონის აღსრულების პროცესში შესაბამისი პროცედურების შეუფერხებლად განხორციელება ლევან ჩოხელი გვპასუხობს, რომ ბიუროკრატიული პროცედურები სფეროს ემატება, თუმცა მისი თქმით, ამ მიმართულების რეგულირება აუცილებელი იყო.

“ბიუროკრატია ამ სფეროს გვინდა თუ არ გვინდა ემატება, თუმცა გარკვეულწილად ეს აუცილებელიცაა, იმიტომ რომ მოექცეს ჩარჩოებში. რაც შეეხება პროცესების დროში გაწელვას რაღაც კუთხით, რა თქმა უნდა, იქნება, ეს ბიუროკრატიული ნორმები დროს წაიღებს, თუმცა ფედერაციაში შექმნილი კომისიები თვითონ ფედერაცია მაქსიმალურად მონდომებულია და ცდილობს, რომ ეს ვადები იყოს შემცირებული და რაც შეიძლება სწრაფად და სრული დატვირთვით აღდგეს პარაგლაიდინგის სფერო, ”-აცხადებს ლევან ჩოხელი.

კანონში გაჩნდა საფრენი ლოკაციის ოპერატორის განმარტებაც, რომელიც ვალდებული იქნება ფრენების დაწყებამდე მის მოედანზე შესაბამისი ტექნიკური აპარატურით შეამოწმოს მფრინავის და ეკიპაჟის ყველა წევრი ალკოჰოლურ ნივთიერებებზე, ასევე საფრენ ლოკაციაზე არ დაუშვას ფრენა, თუ მფრინავს არ გააჩნია დაზღვევის პოლისი და პარაპლანი არ არის ფედერაციის ელექტრონულ რეესტრში როგორც საფრენად ვარგისი მოხსენიებული. მიღებული კანონის მიხედვით, საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების ღირებულება 3000 ლარი, ხოლო ოპერატორის სერტიფიცირება 1500 ლარი ღირს. ხოლო ის თუ რა ეღირება სერტიფიცირებული საფრენი მოედნით სარგებლობა ეს უკვე თავად ბიზნეს ოპერატორზე და ბაზარზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, საქართველოში 10 თვის განმავლობაში პარაპლანით ფრენა აკრძალული იყო. გადაწყვეტილება მთავრობამ 2022 წლის 30 ივლისს მიიღო, მას შემდეგ, რაც გუდაურში ტრაგედია დატრიალდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაშინ განაცხადა, რომ რეგულაციების გამკაცრება იყო საჭირო. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს საჰაერო კოდექსში საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები