მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლების ზრდა, ფუფუნების ნივთებში ინვესტირებაზე კომუნიკაცია - რას გეგმავს Phubber?

ფაბერი

Phubber-ის გეგმებში მომხმარებლების რაოდენობის ზრდა შედის. როგორც Phubber-ის თანადამფუძნებელმა, ანანო დოლაბერიძემ BM.GE-სთან განაცხადა, პლატფორმას ამჟამად 270 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და იგეგმება, რომ ამ მაჩვენებელმა წლის ბოლომდე 300 000-ს გადააჭარბოს.

მისი თქმით, სტანდარტულად, აპლიკაციის მომხმარებლების 40% მხოლოდ ყიდის, 40% მხოლოდ ყიდულობს, ხოლო 20% ორივე მიმართულებითაა ჩართული.

ამასთან, Phubber-ი „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით კვლავ გეგმავს Green Friday-ს კამპანიას, რომელიც არასაჭირო, ჭარბი შესყიდვების სანაცვლოდ, მდგრადი გადაწყვეტილებების წახალისებას ისახავს მიზნად.

„ბოლო რამდენიმე წელია Black Friday-ზე ვაკეთებთ Green Friday-ს კამპანიას, სლოგანით - ნუ იყიდი ზედმეტს. მოგეხსენებათ, Black Friday არის დღე, როდესაც ყველაზე მეტი ნივთი იყიდება გლობალურად. ფასდაკლებები ხშირად გაუაზრებელ შოპინგს იწვევს, რასაც Phubber-ი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები დაფიქრდნენ შენაძენის გაკეთებამდე, რამდენად სჭირდებათ და თუ ყიდვას გადაწყვეტენ, მდგრადი არჩევანი გააკეთონ, რომელიც გარემოს ნაკლებ ზიანს მოუტანს. “სწრაფი მოდა” ყველაზე საზიანოა მოდის სფეროში გარემოს დაბინძურების მიმართულებით და ჭარბი მოხმარებით ამის კიდევ უფრო წახალისება ხდება. Green Friday-ს კამპანიის ფარგლებში გვექნება Visa-სთან თანამშრომლობა. შემდეგ მოდის ახალი წელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია”,- ამბობს ანანო დოლაბერიძე.

მისივე თქმით, Phubber-ის გეგმებში შედის საზოგადოების მეტი ინფორმირება ფუფუნების ნივთებში ინვესტირებაზე, რის საშუალებასაც თავად პლატფორმა იძლევა, პრემიუმ ბრენდების ფართო ასორტიმენტიდან გამომდინარე.

“ასევე ვგეგმავთ აქტიურ კომუნიკაციას მომხმარებლებისთვის ინვესტიციასთან დაკავშირებით. როდესაც ყიდულობ ისეთ ფუფუნების ნივთს, რომლის ფასი დროთა განმავლობაში კი არ მცირდება, იზრდება, ფულს ინახავ და მის ღირებულებას ზრდი. ამიტომ, გვინდა ამ მიმართულებით მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებელს”,- აღნიშნა ანანო დოლაბერიძემ.

ცნობისთვის, Phubber-ონლაინ მოდის პლატფორმაა, რომელიც ტანსაცმლის, აქსესუარებისა და თავის მოვლის საშუალებების მყიდველებს და გამყიდველებს აერთიანებს. ის 15 000 დოლარის ინვესტიციით, ბიზნესპარტნიორებმა: ანანო დოლაბერიძემ და გიორგი ჩუგოშვილმა 2019 წელს დააფუძნეს. პირველი ქვეყანა, სადაც Phubber-გავიდა უკრაინა იყო. 2023 წელს კი სტარტაპი სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე გამოჩნდა. სამომავლო გეგმებში ყაზახეთსა და უზბეკეთში ექსპანსია შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები