2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 129,753.8 მგვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრეს - ამის შესახებ ბირჟის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის განმავლობაში 131.4 ლარი/მგვტ.სთ, 13.14 თეთრი/კვტ.სთ იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ თითოეულ თვეში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი აღემატებოდა ბირჟის საშუალო ფასს.
შესაბამისად, მყიდველებმა 2025 წელს თითქმის 2,265,000 ლარი დაზოგეს, რაც 2024 წლის მონაცემს, 400,000 ლარს, 5.5-ჯერ აღემატება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის მოცულობა 2024 წელს ნავაჭრ ელექტროენერგიას, 17,493.9 მგვტ.სთ-ს თითქმის 7.5-ჯერ აღემატება. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბირჟაზე ვაჭრობა საერთოდ არ ყოფილა.
2025 წლის მონაცემებით, ენერგეტიკულ ბირჟაზე სულ 25 მონაწილე იყო რეგისტრირებული.
ცნობისთვის, ბოლო გადავადებით, ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.



























