მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომხმარებლებმა ₾911 ათასი დაზოგეს - როგორი იყო ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობა III კვარტალში?

ენერგეტიკული ბირჟა

საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ 2025 წლის მესამე კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დღით ადრე ბაზარზე მონაწილეობისათვის რეგისტრირებული იყო 24, ხოლო დღიურ ბაზარზე მონაწილეობისათვის - 17 მონაწილე.

დღით ადრე ბაზარზე მონაწილეებმა ივაჭრეს 34,850 მგვტ.სთ ელექტროენერგია, რაც ამავე წლის მეორე კვარტალში ნავაჭრზე (93,115 მგვტ.სთ) თითქმის 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა 3-ჯერ აღემატება 2024 წლის მესამე კვარტალში ნავაჭრ რაოდენობას (12,660 მგვტ.სთ).

"აგვისტოს თვეში მიწოდების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, სექტემბრის თვეში კი მიწოდების განაცხადი არ განთავსებულა (რაც აისახა შეუმდგარ ტრანზაქციებში). 2025 წლის მესამე კვარტალის განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმე დღეს აღემატებოდა მიწოდება მოთხოვნას, ძირითად შემთხვევებში კი ბაზარზე დეფიციტი იყო. მსგავსი დინამიკა შეინიშნებოდა 2024 წლის მესამე კვარტალშიც, როდესაც ძირითადი რაოდენობის ვაჭრობა ივლისის თვეში განხორციელდა, აგვისტოსა და სექტემბერში კი მნიშვნელოვნად შემცირდა მიწოდება და შესაბამისად, ნავაჭრი რაოდენობაც",- აღნიშნულია ანგარიშში.

ივლის-სექტემბრის განმავლობაში მომხმარებლებმა დაზოგეს 911,044.42 ლარი, რაც 2024 წლის იმავე პერიოდში დაზოგილ თანხას (362,972.32 ლარი) თითქმის 2.5-ჯერ აღემატება.

ანგარიშის მიხედვით, ივლისში საშუალო ფასი 132.43 ლარი/მგვტ.სთ დაფიქსირდა, ხოლო აგვისტოში 144.13 ლარი/მგვტ.სთ.

"აქტიური ვაჭრობის პერიოდში, თვის ჭრილში ფასები მნიშვნელოვნად არ იცვლება, რაც იმით აიხსნება, რომ ელექტროენერგიით მოვაჭრეები საორიენტაციო ფასად მიმდინარე თვის მოსალოდნელ საბალანსო ელექტროენერგიის ფასს იღებენ.

მონაწილეთა აქტიურობის კლება შესაძლოა დავუკავშიროთ რამდენიმე მიზეზს. მაგალითად - მდინარეების ჩამოდინება შემცირებულია და ჰიდროელექტროსადგურები რეზერვუარებში ინახავენ წყალს ზამთრისა და გვიანი შემოდგომის გაზრდილი მოთხოვნისთვის. თუ ზაფხულის პერიოდში მწარმოებლებთან გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების (PPA) მოქმედება შეჩერებული იყო, ახლა ელექტროსადგურები PPA ხელშეკრულებებით ყიდიან ელექტროენერგიის სრულ მოცულობას. მაისიდან თანდათან შემცირდა ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ელექტროენერგიის რაოდენობა, აგვისტოში კი მინიმუმს მიაღწია",- წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, კვარტალის განმავლობაში აგრეგირებული მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას, სექტემბერში კი მიწოდების განაცხადი არ დაფიქსირებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები