მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომხმარებლის გადახდილი 1 ლარიდან ქსელის მარჟა 46%-ს შეადგენს, ჩვენი კი 2%-ზეა ჩამოსული - “ფრიქსის” კომერციული დირექტორი

ირაკლი ქურდაძე

ქართული კარტოფილის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია “ფრიქსის” კომერციული დირექტორი ირაკლი ქურდაძე ამბობს, რომ საცალო ქსელებში მარჟები გაზრდილია და ქსელებს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი 1 ლარიდან 46% რჩებათ, მაშინ როდესაც მწარმოებლის მარჟა 2%-მდეა ჩამოსული, ეს ვითარება კი ადგილობრივი წარმოების გაგრძელებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მან საკითხზე "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

26 იანვარს სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მწარმოებლებს შეხვდა. სხდომას ირაკლი ქურდაძეც ესწრებოდა და პრეზენტაცია წარადგინა არსებული პრობლემების და შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ.

ის საკითხით დაინტერესებას პოზიტიურად აფასებს და არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

"რაც შეეხება ფასის ფორმირებაზე გავლენას რა ახდენს, აქ პირველი, უნდა დავიწყოთ პროდუქციის თვითღირებულებით; შემდეგი რგოლი არის სადისტრიბუციო მომსახურება, ჩვენს შემთხვევაში; ამის შემდეგ უკვე, ვთქვათ, ქსელი ამატებს თავის შესაბამის მარჟას. ჩვენ მარჟებზე გვქონდა საუბარი და ხშირად ეშლებათ მარჟა და ფასნამატი. ჩვენ ყოველთვის ვაყენებთ საკითხს, რომ მოდი მარჟებით მივუდგეთ და მარჟებით დავითვალოთ, რეალურად ვის რამდენი რჩება მომხმარებლის მხრიდან გადახდილი 1 ლარიდან. შესაბამისად, მე შემიძლია გითხრათ, ჩვენს შემთხვევაში 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, საცალო ქსელის მარჟა გაზრდილია 28%-დან 46%-მდე. ეს იმან გამოიწვია, რომ ქსელების ინტენსიური ექსპანსიის პირობებში, როდესაც, ვთქვათ, უბნის მაღაზია იკეტება და ქსელებმა უკვე აიღეს დაახლოებით 90% საერთო საცალო ბრუნვაში, დღეს მათ ხელშია ძალაუფლება... ჩვენ რა თქმა უნდა საწინააღმდეგო არა გვაქვს არცერთი ქსელის და არცერთი ბიზნესის, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და ბიზნესი უნდა იყოს ორიენტირებული მოგებაზე, თუმცა აქ უნდა არსებობდეს სამართლიანი თამაშის წესები. მაშინ, როცა, ვთქვათ, ქსელის მარჟა 46%-ს შეადგენს, ჩვენი მარჟა ჩამოსულია დაახლოებით 2%-ზე. ნუ ამ პირობებში ქართველი მწარმოებლისთვის შეუძლებელია ოპერირება, ფაქტობრივად ეს ნიშნავს გაკოტრებას.

ვთქვათ მომხმარებელმა 1 ლარი გადაიხადა „ფრიქსის“ პროდუქტში, 46% რჩება ქსელს, როგორც მარჟა.ქსელი როგორ იყენებს ამ საოპერაციო მოგებას, ეგ უკვე ჩვენი საქმე არ არის. თუმცა, როცა ვსაუბრობთ, რომ სად არსებობს რესურსი დღეს, რომ ვთქვათ რაღაცა მყისიერი ეფექტი მივიღოთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთეთ ოპტიმიზაცია - შევამცირეთ თვითღირებულება, მაქსიმალურად შევამცირეთ საოპერაციო ხარჯები იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავით და დაგვეკმაყოფილებინა ის პირობები, რასაც ქსელები გვიყენებდნენ, რომ დავრჩენილიყავით დახლზე. გარდა მაგისა, კონკურენციას თუ შევხედავთ, ესეც რომ გავაჟღეროთ, ვთქვათ ძირითად კონკურენტთან შედარებით დაახლოებით 20-25%-ით „ფრიქსი“ არის იაფი ბაზარზე. ანუ ესეც არ არის განმაპირობებელი, რომ ვთქვათ მე გავაძვირე, ან ძვირი ვღირვარ. შესაბამისად, აქ უფრო სხვა პრობლემას ვხედავთ - საოპერაციო ხარჯების ნაწილში, ქსელების გაფართოების ფონზე, მათი საოპერაციო ხარჯები გაზრდილია და ქსელებმა გადაწყვიტეს ამ წლების განმავლობაში ეს დაეფინანსებინათ იმით, რომ გაეზარდათ ქეშბექები.

აქ არის ციფრები და ყველა უწყებას, დარწმუნებული ვარ, სათანადო ინფორმაცია აქვს, როგორც მწარმოებლისგან, ასევე დისტრიბუტორისგან, რითეილისგან, და ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომელიც იმედი მაქვს, რომ იმით დასრულდება, რომ შემუშავდება გარკვეულწილად უკვე გამოცდილი მოდელები",- ამბობს ირაკლი ქურდაძე.

მისივე თქმით, თავისუფალი ბიზნესის პრინციპი არ უნდა დაირღვეს, თუმცა პრობლემის გადასაჭრელად შესაძლებელია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა.

"ჩვენ ვერ განვუსაზღვრავთ მოგების ქეფს. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება შევქმნათ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ირიბად გამოიწვევს ამის რეგულირებას. ჩვენ მიმართული ვართ, რომ ჩვენი კონტრიბუციაც შევიტანოთ, დაინტერესებულ მხარეებს, ვისაც დასჭირდებათ ჩვენი ჩართულობა, მწარმოებლების, მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ მოდელზეც და ა.შ. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა და ზეპირსიტყვიერად და ძალით ეს პრობლემა არ დალაგდება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, უნდა ავიღოთ საუკეთესო გამოცდილება ევროპის ქვეყნების, თუნდაც ამერიკის. ერთ-ერთი იდეა იყო გაჟღერებული და დაფიქსირებული, რომ რადგან სურსათის უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქვეყანაში, იგივე როგორც ვთქვათ ენერგეტიკა იქნება, საბანკო სფერო იქნება, მევენახეობა იქნება, ამ ყველა სექტორს ჰყავს თავისი მარეგულირებელი, შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, შეიქმნას გარკვეულწილად სასურსათო მიმართულებითაც სპეციალიზებული მარეგულირებელი, რომელიც პარლამენტთან ერთად და ჩვენი ჩართულობით, მათ შორის, შეიმუშავებს საკანონმდებლო ჩარჩოს, გაითვალისწინებს ყველა საუკეთესო გამოცდილებას",- აღნიშნა "ფრიქსის” კომერციულმა დირექტორმა.

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდა და დოკუმენტაცია მოითხოვა. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები