„Moody’s-ი მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის დაზღვევის მექანიზმის არარსებობაზე მიუთითებს,“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით მაისურაძემ “ანალიტიკა“-ს ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე რომ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ი სამომავლო პერსპექტივასაც სწავლობს, მის გამოქვეყნებულ რეიტინგში ასევე წერია, რომ არ ჩანს რას აპირებს მომავალში საქართველო.
“Moody’s-ი აფასებს რამდენად მიმზიდველია [ქვეყანა] ინვესტორებისთვის და მეორეს მხრივ არა მხოლოდ არსებულ ფაქტორებს ეყრდნობა, არამედ სწავლობს სამომავლო პერსპექტივას.
Moody’s-ი მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ბევრჯერ მეორდება, ინსტიტუციური მდგრადობა, მათ შორის ნახსენებია ეროვნული ბანკიც, IMF-ის შეჩერებული პროგრამა. ასევე ნახსენებია რუსული კანონი, ევროკავშირთან შეჩერებული მოლაპარაკებების პროცესი.
მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის დაზღვევის მექანიზმის არარსებობაზე მიუთითებს Moody’s- ი, რომ არ ჩანს რას აპირებს მომავალში საქართველო”, - განაცხადა დავით მაისურაძემ.
ცნობისთვის:საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც საქართველოს მომავალ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.
Moody's-ი ქვეყანაში ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტებაზე მიუთითებს
Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ინსტიტუციური და მმართველობითი სტაბილურობა საფრთხის წინაშე დგას. ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება 2024 წლის მაისში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხება, მნიშვნელოვნად ზრდის გაურკვევლობას.
ასევე, Moody's-ი მიუთითებს, რომ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის დროებითი შეჩერება და ცენტრალური ბანკის მმართველობის ცვლილებები აჩენს კითხვებს ეროვნული ბანკის მმართველობითი პოლიტიკის შესახებ, ეს კი Moody’s-ის შეფასებით, ასუსტებს საქართველოს ინსტიტუციურ და მმართველობით სტრუქტურებს.
გეოპოლიტიკური რისკები და რუსეთის გავლენა
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის მხრიდან ევროპის უსაფრთხოების მიმართ ყურადღების შესუსტებამ და NATO-ს შესაძლო სტრატეგიულმა ცვლილებებმა შესაძლოა, რუსეთის რეგიონული გავლენა გააძლიეროს. ამავდროულად, Moody's-ის თანახმად, საქართველო რჩება მოწყვლადი რუსეთის მხრიდან შესაძლო კიბერთავდასხმებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟის მიმართ.
ეკონომიკური სტაბილურობის საფრთხეები
მიუხედავად იმისა, რომ Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკა და ფისკალური მდგრადობა საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა, ქვეყნის საგარეო ვალდებულებების დოლარიზაცია და ქვეყანაში არსებული კრედიტების დოლარიზაცია კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
ორგანიზაცია 2025 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.