მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა მოქმედებს უარყოფითად ლარის კურსზე? კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება" - დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

"თბილისი კონსალტინგ ჯგუფის" დამფუძნებელი და ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, დავით მაისურაძე Facebook გვერდზე რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და მოსალოდნელი სანქციების საქართველოს ეკონომიკაზე ეფექტს აფასებს. "პოსტს" BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

"მოკლედ შევაჯამოთ დღევანდელი დღის ძირითადად ეკონომიკური მხარე:

1) კანონი მიღებული არ იყო დღეს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სავალუტო ინტერვენცია და კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა ლარი კურსის სტაბილიზებისთვის. მე ცოტა ოპტიმისტური პროგნოზი მქონდა, მეგონა რომ ხვალამდე გაძლებდა ახალი კურსი, მაგრამ შევცდი, მხოლოდ რამდენიმე საათი გაძლო. დოლარის გაყიდვა მხოლოდ რაღაც პერიოდი აჩერებს ლარს. რაც უფრო მცირდება რეზერვი, ლარი უფრო ვარდება. რაც უფრო მეტ დოლარს იყენებ ლარის კურსის შენარჩუნებისთვის, მით უფრო რთულია ლარის კურსის დაჭერა.

2) რა მოქმედებს უარყოფითად ლარის კურსზე? კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, ყველაზე უფრო დიდი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოების მიერ მიღებული კანონის კრიტიკული შეფასება, განცხადებები რომ ევროკავშირში არ მიგვიღებენ, სანქციები და ა.შ.

3) რატომ მოქმედებს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნის ეკონომიკაზე? იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა სუსტია, თითქმის არ გვაქვს მსხვილი წარმოება, არ არის განვითარებული ინდუსტრია, გვაქვს იმპორტზე დამოკიდებული ეკონომიკა... ელემენტარული მაგალითი, რომ ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უამრავი ფული ჩავდეთ სოფლის მეურნეობაში, ნებისმიერი ხილ-ბოსტნის მაღაზიაში, თითქმის ყველაფერი არის იმპორტული. საკუთარი პური რომ გამოვაცხოთ, სხვის ხორბალზე ვართ დამოკიდებული.

4) რამ შეიძლება იმოქმედოს დადებითად ლარის კურსზე? ზოგადად საღი აზრი და კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილებები ყველაფერზე დადებითად მოქმედებს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ქუთაისში გაიხსნება ჩინური ავტომობილების ბაზრობა. ეს ცუდი არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ უკეთესი იქნებოდა დაახლოებით რვა წლის წინადადელი პირობა რომ იყო ელექტრო ავტომობილების ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით, ეგ პირობა შესრულებულიყო. ან ავიღოთ ბაქო-ყარსის რკინიგზა. დაახლოებით 7-8 წელია ველოდები ამ რკინიგზის გახსნას, არაფრის გადაზიდვას არ ვაპირებ, მაგრამ ვთვლის რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. წარმომიდგენია რამდენი ბიზნეს ორგანიზაცია ელოდება. მილიონჯერ გადაიდო მისი გახსნა. ბოლოს უნდა გახსნილიყო 20 მაისს, ამაზე გააკეთა აზერბაიჯანმა განცხადება, ხოლო ერთ-ერთმა სააგენტომ ჩვენთან რომ იკითხა, უპასუხეს, რომ დღის პირველ ნახევარში ისევ რეაბილიტაცია იქნებოდა, ხოლო დღის მეორე ნახევარში იმოძრავებდა ტვირთები. გუშინ ითქვა, რომ გაიხსნაო. ხოდა არკვიე ახლა გაიხსნა თუ ისევ რეაბილიტაცია მიდის. რატომ არ გვაქვს ანაკლიის პორტი? ხო ვავითარებთ „შუა დერეფანს“, ორი სატვირთო აეროპორტი რომ გავაკეთოთ გაფუჭდება რამე? ვაზიანის სამხედრო ბაზის ნაცვლად აეროპორტის გაკეთება ინვესტორებს არ გაუხარდებათ, რადგან ინვესტორებს უყვართ მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით დაცული გარემო, ამიტომ აქვს, მაგალითად, ნატოს წევრობას დიდი მნიშვნელობა.

5) საქართველო გახდება ბელორუსიო, ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ გავხდებით ბელორუსი. ბელორუსის ინდუსტრია და იქ დასაქმებული პირები გაერომ 2020-ში შეაფასა როგორც მაღაგანვითარებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე. მთელი ეკონომიკის 25%-ს ქმნიდა მანუფაქტურული წარმოება, რაც დაახლოებით იყო 50-60 მილიარდი აშშ დოლარი. რანაირად უნდა გავხდეთ ბელორუსი? ამ და სხვა მიზეზების გამო ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ნაციონალიზმი.

6) რა არის სანქციის შედეგი? იმ შემთხვევაშიც რომ ინდივიდუალური პირი დასანქცირდეს, რომელიც ხელისუფლების რომელიმე რგოლშია, ეს მთელი ქვეყნის რეპუტაციაზე ახდენს ზეგავლენას. დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად მიღებული რეპუტაციის აღდგენას დასჭირდება ძალიან ბევრი წელი, რამდენიმე მთავრობის გამოცვლა, საიდანაც ყველა მათგანი უნდა იყოს დასავლური კურსის გამტარებელი. რეპუტაციაში იგულისხმება სანდრო პარტნიორის რეპუტაცია, სადაც ღირს ფულის ჩადება, ვისთანაც ღირს სერიოზული ურთიერთობების წარმართვა, ევროკავშირში მიწვევა და ა.შ. რეპუტაციის შერყვეა ნიშნავს კიდევ უფრო მეტი კითხვის გაჩენას, კიდევ უფრო განხილვას, გამოძიებას და შესწავლას. უფრო მეტი კითხვა კიდევ უფრო მეტად აჩენს პრობლემებს და კიდევ უფრო მეტად აზიანებს რეპუტაციას.

7) ყველაზე საინტერესო იქნება თუ რა მოხდება ფინანსური სანქციების შემთხვევაში, მაგალითად, თუ აუკრძალეს აშშ-ში ან ევროში ტრანზაქციები. ჩემის აზრით გამოვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენივე საკანონმდებლო ორგანოს წევრებს არ მოემსახურებიან საქართველოში მოქმედი ბანკები. ერთია რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი, მაგრამ ქართული ბანკებისთვის, განსაკუთრებით დიდი ბანკებისთვის, ეს ნიშნავს სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას, რაც აისახება მათ აქციებზე ან შეიძლება მოჰყვეს მეორადი სანქციები მათ წინააღმდეგ. შეიძლება მოემსახურონ ლარის, რუბლის, ლირას ან იუანით სარგებლობისას ან შეიძლება ამაშიც არ მოემსახურონ, მოკლედ საინტერესო შემთხვევა იქნება. იმ შემთხვევაშიც რომ ეროვნულმა ბანკმა ჩვენი ბანკები დააჯარიმოს, ამ შემთხვევაშიც არ გაუწევენ მომსახურებას ფინანსური სანქციების ქვეშ მყოფ პირებს. ან შეიძლება ვცდები და გაუწევენ მომსახურებას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს უარყოფითად აისახება მათი აქციების ფასზე. მოკლედ ორ ცეცხლშუა იქნებიან. ეს ყველაფერი რომ ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს, მე მგონი ყველა ვთანხმდებით.

8) გადაადგილების შეზღუდვა და ფინანსური სანქციები ეკონომიკას ძალიან დააზარალებს, რაც პირველ რიგში დაარტყავს სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეებს და საშუალო კლასს. ასეთი სანქციები გაწელავს ეკონომიკის დანგრევის პროცესს. თუ არჩევნები გაყალბდა, შემდეგ წამოვა ალბათ სანქციები ბიზნეს სექტორების მიხედვით. ეს კი ეკონომიკას დაანგრევს. შეიძლება ვიღაცამ იკითხოს ჩვენ რა შუაში ვართო? უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ირჩევენ მოქალაქეები ანუ ჩვენ. შესაბამისად, ჩვენ ვართ შუაში და მათ შორის ვაგებთ ნაწილდება ყველაზე. უშუალოდ ჩვენ არავინ დაგვასაქნცირებს, მაგრამ რადგან ეკონომიკა არის ძალიან სუსტი ამიტომ ნებისმიერი სანქციის შედეგი ჩვენც მოგვწვდება.
9) ყველაზე უფრო მეტად დასანქცირებული ქვეყნები რომ მოვძებნოთ იქ აღმოვაჩენთ, რომ მცირე გეოგრაფიული ზომის ქვეყანა არც ერთი არ არის (გარდა ჩრდილოეთ კორეისა, თუმცა არ მგონია, რომ ეს კარგი მაგალითი იყოს). რატომ არის ასე? იმიტომ, რომ ტერიტორიულად პატარა, მცირე მოსახლეობისა და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ატარარებენ გონივრულ საგარეო და საშინაო პოლიტიკას. ჩვენს შემთხვევაში უბრალოდ ვანგრევთ სამოქალაქო სექტორს და მორჩა. ახალი შეთავაზება და იდეა ხელისუფლებას არ აქვს. დავუშვათ მოსვპეთ სამოქალაქო სექტორი და გავიფუჭეთ ურთიერთობა დასავლეთის ყველა სახელმწიფოსთან. მერე რა გეგმები გვაქვს? ეკონომიკას რით უნდა ვუშველოთ?

10) მაგალითად, ავიღოთ პოლონეთი. ევროკავშირის წევრად გახდომის შემდეგ ევროკავშირის პირდაპირმა დახმარებამ შეადგინა ათეულობით მილიარდი ევრო. პოლონეთის ეკონომიკა ააყვავა ევროპულმა დახმარებამ. რატომ არ შეიძლება ჩვენც მოვინდომოთ რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და მივიღოთ ევროპული გრანტები ინფრასტრუქტურის და წარმოების ასაშენებლად, რამე გაფუჭდება ამით? დავზარალდებით? გავღარიბდებით?

11) ბევრმა თქვა, რომ ჩვენ ვართ იბერიელების, კოლხების, შუმერების, ხალიბების შთამომავლები. როგორ განვაგრძობთ წინაპართა ტრადიციებს? მაგალითად, ხალიბები იყვნენ მეტალურგიაში ოსტატები. ჩვენ ოქროს უძველესი მაღარო ავაფეთქეთ და აღარ გვაქვს. ჩვენმა წინაპრებმა ხორბლის სხვადასხვა ჯიშები გამოიყვანეს, ჩვენ რუსეთიდან შემოგვაქვს ფქვილი. შუმერები არიან „გილგამეშის“ ავტორები. განა „გილგამეშის“ ავტორს რამის ეშინოდა ან ვინმეს „ბაბაიას“ ეძახდა?
მოკლედ ამ პუნქტების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება. სულ ვამბობთ ხოლმე „რამ გააძლებინათ ქართველებს აქამდე და ამდენი საუკუნეო“, ხოდა მომდევნო თვეების განმავლობაში საკუთარ თავზე გამოვცდით და გავიგებთ თუ რამ გააძლებინა ქართველებს", - წერს მაისურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები