რას ნიშნავს ბანკის აქციებზე ფასის ვარდნა ანუ რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეთ ინვესტორებს "რუსულ კანონზე? - "ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი დავით მაისურაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც "რუსული კანონის" პირველად ეფექტზე წერს. მათ შორისაა, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული ბანკების აქციების ფასი ვარდნა და მისი შესაძლო გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. დავით მაისურაძის მოსაზრებას BMG უცვლელად გთავაზობთ.
1) ქართული ეკონომიკა არის საბანკო ეკონომიკა. ეს რას ნიშნავს? - ეს ნიშნავს იმას, რომ ფული მოზიდვის სხვა ალტერნატივა არ გვაქვს (რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ამ დროისთვის ეს მოცემულობაა). მაგალითად, თქვენ გინდათ ბინის რემონტისთვის ფული. რას აკეთებთ? იღებთ სესხს ბანკიდან. დააფუძნეთ კომპანია და გინდათ საწყისი კაპიტალი, იღებთ სესხს ბანკიდან. დიდ კომპანიას უნდა კიდევ უფრო დიდი კომპანია გახდეს? - იღებს სესხს ბანკიდან. 100-დან 95 შემთხვევაში ასეთი მდგომარეობაა. დიდ ქართულ ბანკებზე არის დაფუძნებული მთელი ჩვენი ეკონომიკა. ნებისმიერი დიდი კომპანია რომ აიღოთ, რომელიც თქვენ გაგახსენდებათ, ყველას აქვს საბანკო სესხები. თან პატარა სესხები კი არა, კომპანიის მთელ ქონებას რომ ფარავს იმხელა სესხები.
2) რას ნიშნავს ბანკის აქციებზე ფასის ვარდნა? ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები ვინც უნდა იყიდონ ბანკის აქციები, ანუ ფული დააბანდონ ბანკში ორჭოფობენ, ბევრ კითხვას სვამენ, არ უყურებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ნდობით და ა.შ. პლუს საქართველოში არ გვაქვს სასამართლო სისტემა, ვიღაცამ ფული რომ ჩადოს, ამ ფულის დაცვის რაიმე გარანტია ხომ არ უნდა არსებობდეს? რადგან არ ყიდულობს ერთი მხარეს აქციას, ეს ნიშნავს, რომ ის ინვესტორები, ვისაც აქვთ ეს აქცია იგივე დასახელებული მიზეზების გამო, ცდილობენ მოიშორონ აქცია, გაასხვისონ, მაგრამ მყიდველი არ ჰყავთ, რადგან გაყიდვის მსურველი უფრო მეტია და მყიდველი ნაკლები, აქციაზე ფასი ვარდება.
3) საიდან აქვთ დიდ ბანკებს ფული? ისინიც ძირითადად ფულს სესხულობენ უფრო დიდი ბანკებისგან, ასევე, ანაბრები შეგვაქვს, დეპოზიტები, ვიხდით პროცენტის ფულს და ა.შ. თუ აქციებზე ფასი მცირდება, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორებს გააქვთ დეპოზიტები და პლუს უფრო დიდი ბანკები აღარ აძლევენ სესხს. ანუ დიდ ბანკს აღარ აქვს ფული, რომ ქვეყანაში დაატრიალოს. ბიზნესზე და მომხმარებელზე ფულს ვეღარ გასცემს. ანუ ეკონომიკა ჩერდება.
4) რა არის დიდი კომპანია? დიდი კომპანია არის ამავდროულად დიდი დამსაქმებელი. თუ ბანკი ჩერდება ნიშნავს, რომ დიდი კომპანიაც ჩერდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ათასობით ადამიანი, რომელსაც ის ასაქმებს რჩება უმუშევარი. მაგალითად, რომ აიღო სამშენებლო ბიზნესი. როგორც სამშენებლო კომპანიები, ასევე, მათი მომხმარებლები ვინც ბინებს ყიდულობენ, სესხს იღებენ ბანკებიდან. ცუდად თუ წაუვათ საქმე ბანკებს, ცუდად წაუვა საქმე სამშენებლო ბიზნესს. ეს ნიშნავს უამრავ უმუშევარს. პლუს არსებულ ბინებზეც ფასი დავარდება, რადგან მყიდველი აღარ იარსებებს.
5) ვიღაცა შეიძლება ფიქრობს, რომ კარგია, თუ ბანკებს ცუდად მისდით საქმე, რადგან სესხი აქვს ბანკის და ეს სესხი გაუნულდება. საქმე ის არის, რომ არ განულდება. სულ რომ დაინგრეს ის ბანკი, თქვენი ვალდებულება მაინც დარჩება ვალდებულებად. უბრალოდ, ბანკის აქტივს სხვა ფინანსური ინსტიტუტები იყიდიან და იმათთან გააგრძელებთ სესხის გადახდას. თან ფინანსური მდგომარეობაც გიფუჭდებათ და თან იძულებული ხართ, რომ სესხი მაინც იხადოთ. ეს არ არის მარტო ჩვენთან, ეს ზოგადად ასეა. ეს არ მოუგონია გლობალური ომის პარტიას, არც ილუმინატებს, არც კეისრის წინააღმდეგ მებრძოლ კელტებს. ეს არის საერთაშორისო საფინანსო სისტემა. ასე მუშაობს. არ მოგწონთ? წადით, დაამთავრეთ რომელიმე წამყვანი დასავლეთის უნივერსიტეტი და შეიტანეთ ცვლილებები თუ შეძლებთ. არის კიდევ მეორე ვარიანტი, რომელიც სცადა ლენინმა და ამ ვარიანტმა 70 წელი იარსება და რითაც დასრულდა, კი ვხედავთ.
6) ამ ყველაფრის ფონზე უფასურდება ლარი, რადგან ჩვენთან ყველაფერი შემოდის იმპორტით, ეს ნიშნავს, რომ იმპორტიორი პროდუქციას ყიდულობს დოლარში და იძულებულია აქ გაყიდოს მაღალ ფასად, რადგან მოგება მიიღოს.
7) ეს ყველაფერი ვის დაარტყამს? ვისაც სოციალური პრობლემები აქვს იმას. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს, ვინც დამოკიდებულია სახელმწიფოსგან დახმარების მიღებაზე. ჩვენი კორუმპირებულებისთვის ეს არ არის პრობლემა, რადგან მათ მილიონები აქვთ ნაშოვნი, და ჩვენ მოგვშივდება თუ მოგვწყურდება, ფეხებზე ჰკიდიათ.
ზოგიერთი ჩემი მეგობრის გამკვირვებია, რომ იძახიან თურქმენეთი და ბელარუსი გავხდითო. ბელარუსში არის ქარხნები, რომელიც რეალურად მუშაობს. თურქმენეთი გაზის რეზერვებით არის მსოფლიოში მეოთხე სახელმწიფო. რა ბელორუსი და თურქმენეთი?! შევარდნაძის დროს რომ უღარიბესი ქვეყანა ვიყავით, იგივე სტანდარტს დავუბრუნდებით. ჩვენ რაც გვამგრებდა იყო სურვილი, გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი, გავხდით კანდიდატი ქვეყანა და მაგის ფონზე იყო რაც რამე შემოდიოდა. ახლა რუსული კანონია სახეზე. ანუ სანქციებამდე არც მისულა საქმე, უბრალოდ რუსულ კანონზე არის ინვესტორების რეაგირება.
9) შეიძლება კიდევ უფრო უარესად განვითარდეს მოვლენები. მაგალითად, გაკოტრებული ფინანსური ინსტიტუტები და დიდი კომპანიები იყიდონ რუსულმა კომპანიებმა და როგორც სომხეთში მთელი ეკონომიკა რუსებისაა, აქაც იგივე მოხდეს.
10) კიდევ უფრო უარესი არის ის, რომ თუ ეკონომიკა ჩამოიშალა, მისი აღდგენა სახელმწიფოს ისევ ვალებით მოუწევს და ისევ ჩვენი გადასახდელი იქნება. ახლა ჯენზი რომ გამოდის აქციებზე და დედა რა კარგი ბავშვები არიანო რომ ვიძახით, თუ გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა და ჯენზის მოშივდა, მერე უკვე მათი მშობლები და პაპა-ბებია გამოვლენ აქციებზე, რომელთაც სხვა გამოცდილებასთან ერთად, უწყლობისა და უშუქობის გამო გზების გადაკეტვის გამოცდილებაც აქვთ.
მოკლედ, ასეთი მდგომარეობაა. ასე რეაგირებენ ინვესტორები რუსულ კანონზე. შემდეგ ყველაფერი დომინოს პრინციპით მიდის.