არასამთავრობო ორგანიზაცია „ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის დავით მაისურაძის შეფასებით, „თუ საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციაში შევიდა, ქვეყანაში კოროზიული რუსული კაპიტალის შემოდინებას უნდა ველოდოთ“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ მიღების გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ეკონომიკაზე შესაძლო გავლენის კომენტირებისას განაცხადა.
დავით მაისურაძის აზრით, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის ახდენს ზეგავლენას ეკონომიკაზე. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების და საგარეო კურსის შეცვლის შემთხვევაში ეკონომიკაში მოსალოდნელ პროცესებზე, მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნის და ლარის კურსის გაუფასურების ფაქტორები ახსნა.
"ზოგიერთი ჩემი მეგობრის გამკვირვებია, რომ იძახიან, თურქმენეთი და ბელარუსი გავხდითო. ბელარუსში არის ქარხნები, რომელიც რეალურად მუშაობს. თურქმენეთი გაზის რეზერვებით არის მსოფლიოში მეოთხე სახელმწიფო. რა ბელორუსი და თურქმენეთი?! შევარდნაძის დროს რომ უღარიბესი ქვეყანა ვიყავით, იგივე სტანდარტს დავუბრუნდებით. ჩვენ რაც გვამგრებდა იყო სურვილი, გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი, გავხდით კანდიდატი ქვეყანა და მაგის ფონზე იყო რაც რამე შემოდიოდა. ახლა რუსული კანონია სახეზე ანუ სანქციებამდე არც მისულა საქმე, უბრალოდ, რუსულ კანონზე არის ინვესტორების რეაგირება. შეიძლება კიდევ უფრო უარესად განვითარდეს მოვლენები. მაგალითად, გაკოტრებული ფინანსური ინსტიტუტები და დიდი კომპანიები იყიდონ რუსულმა კომპანიებმა და როგორც სომხეთში მთელი ეკონომიკა რუსებისაა, აქაც იგივე მოხდეს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში და შემდეგ „წერტილშიც“ ვრცლად ისაუბრა შესაძლო რისკებზე.
„ზოგადად, ინვესტორები შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად: პირველი - ევროპელი და ამერიკელი ინვესტორი, რომელიც ცდილობს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით განახორციელოს ბიზნესი იმ ქვეყანაში, სადაც შედის; მეორე - უფრო კოროზიული კაპიტალის მატარებელი ინვესტორები, რომელიც დაკავშირებულია რუსულ სამყაროსთან. რას ვგულისხმობ - ერთია რუსული ბიზნესები, რომლებიც უშუალოდ სანქციების ქვეშაა, რადგან ეხმარებიან არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს უკრაინის წინააღმდეგ და მეორეა, ფინანსების მქონე სხვა პირები, რომელთაც არ უნდათ სანქციების ქვეშ მოჰყვნენ.
რა თქმა უნდა, მათი ფულიც კორუმპირებული გზითაა ნაშოვნი. მსგავსი ტიპის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, ევროპასთან არ ინტეგრირდნენ, იდეალური სამიზნეა, რადგან მოაქვთ არა უბრალოდ ფული, არამედ ფულის შოვნის რუსული ტრადიციული მეთოდი - მოქრთამვის, დაშინების, ძალადობის და იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ეკონომიკა სტაგნაციაში შევიდა, გაუარესდა ეკონომიკური მაჩვენებლები, კომპანიებმა გაკოტრება ან საქმიანობის შეჩერება დაიწყეს, ჩვენ უნდა ველოდოთ კოროზიული რუსული კაპიტალის საქართველოში ინვესტირებას და უკვე გაკოტრებული ქართული კომპანიების კაპიკებად ხელში ჩაგდებას.
ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც თვალსაზრისით ეკონომიკა შეიძლება არ გაჩერდეს და ბოლომდე არ მოისპოს, მაგრამ ჩვენი, როგორც მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუარესდება, რადგან ეკონომიკა მთლიანად უცხოელების, კონკრეტულად, რუსების ხელში გადავა. ამის მაგალითია სომხეთი, სადაც ყველა ძირითადი ბიზნესის მფლობელი რუსია და დღეს, როცა სომხეთი ცდილობს პოლიტიკური ვექტორს შეცვლას და ევროპისკენ წასვლას, ეს ძალიან უჭირს. ამის ერთ-ერთი მიზეზია სწორედ ეკონომიკის მამოძრავებელი ბერკეტების რუსების ხელში ყოფნა“, - განაცხადა ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მაისურაძემ.
ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრმა (DSRC) საქმიანობა 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითად მიზნებს შორისაა, ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა, რუსული კოროზიული კაპიტალის შესწავლა, მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა, ბიზნესის კეთილსინდისიერების მხარდაჭერა კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა და ა.შ.