"ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" დირექტორი, დავით მაისურაძე, BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში იმ სამ კონკრეტულ მიმართულებას გამოყოფს, რომლებსაც რუსული კანონის მიღება საქართველოს ყველაზე მეტად აზიანებს. იგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ორგანიზაციების და ადამიანების არსებობა, რაც მიღებული კანონით, ფაქტობრივად, არსებობას წყვეტს.
"სახელმწიფოს განვითარებისთვის, გარდა სტანდარტული სამ-შტოიანი დაყოფისა - აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო - არსებობს დამატებითი შტოებიც და ასეთებია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია, ნებისმიერი აქტიური მოქალაქე ან სოციალური ქსელებიც კი.
თანამედროვე, 21-ე საუკუნის სახელმწიფო მმართველობის სიტემის განვითარებას უშლის ხელს ე.წ. რუსული კანონი. საფუძველს აცლის დამოუკიდებელი ადამიანებისა და ორგანიზაციების არსებობას, რომლებსაც შეუძლიათ ხელისუფლების შტოებზე მონიტორინგის განხორციელება, იქნება ეს ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიება, ელემენტარული რეკომენდაციების გაცემა, უცხოური პრაქტიკის გაზიარება, საერთო სამუშაო ჯგუფებში მუშაობა და დამოუკიდებელი მოსაზრებების მიწოდება - ეს ერთი პრობლემური მხარეა ამ კანონის", - განმარტავს დავით მაისურაძე.
მისი თქმით, კანონის კიდევ ერთი პრობლემური შედეგი, საქართველოს გაცხადებული საგარეო კურსიდან გადახვევა და ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხებაა.
"მეორე მხარეა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული თუ ისტორიული სურვილი, გავხდეთ ევროპის ნაწილი. რუსული კანონი, რანაირადაც არ უნდა შევალამაზოთ, და რაც არ უნდა დავუძახოთ მას, ძალიან ცუდად არის აღქმული პარტნიორების მხრიდან, ვისთან ურთიერთობასაც ვესწრაფვით, ვისი ორგანიზაციის წევრიც ვცდილობთ, რომ გავხდეთ და ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ერთ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ასე გვინდოდა. გარდა ისტორიული არჩევანისა, ევროკავშირი არის ეკონომიკური კავშირი, რომლის მიზანია მის ტერიტორიაზე იყოს მშვიდობა და ყველამ იცხოვროს ბედნიერად და კარგად და ჩვენც, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, გვინდა, რომ კარგად ვცხოვრობდეთ - ევროკავშირი უკეთესი ცხოვრების საშუალებას იძლევა", - აცხადებს მაისურაძე.
"ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" დირექტორმა რუსული კანონის უარყოფით გავლენაზე საქართველოს ეკონომიკის ჭრილშიც ისაუბრა. მისი თქმით, კანონი აზიანებს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას.
"გარდა იმისა, რომ პოლიტიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელი ხდება ევროკავშირთან ინტეგრაცია, კანონი არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც აზიანებს, იმიტომ რომ ის ზემოქმედებს ვალუტის კურსზე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და ა.შ." - აღნიშნავს დავით მაისურაძე.