საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა აზერბაიჯანის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, რომელიც აქამდე Ba1 დონეზე იყო, ერთი საფეხურით Baa3 დონემდე გაიზარდა, რითიც აზერბაიჯანმა Moody's-ის საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი მოიპოვა, რადგან Baa3 დონემდე ყველა შეფასება "არასაინვესტიციო" კატეგორიის რეიტინგს წარმოადგენს. შედარებისთვის ამჟამად საქართველოს აზერბაიჯანზე ორი საფეხურით უფრო დაბალი Ba2 საკრედიტო რეიტინგი აქვს Moody's-ისგან მინიჭებული. კიდევ უფრო დაბალი Ba3-ის რეიტინგი აქვს სომხეთს.
Moody's-ის თანახმად, აზერბაიჯანის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ამაღლება ასახავს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, ფისკალურ დისციპლინასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართულ პროგრესს. Moody’s აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი უკეთ უმკლავდება გარე შოკებსა და ნავთობის ფასების რყევებს. პოზიტიური ტენდენციებია ასევე ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
Moody's-მა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაციების - სოკარისა და სამხრეთის გაზის დერეფანის კომპანიების მიმართაც.
ძირითადი მიზეზები Moody’s-ის გადაწყვეტილებისთვის:
- დივერსიფიკაციის ზრდა და ნავთობდამოკიდებულების შემცირება – ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ტრანსპორტის, მშენებლობისა და განახლებადი ენერგიის განვითარებაში, რაც მოლოდინს აჩენს, რომ მომავალში ეკონომიკა ნაკლებად იქნება მიბმული ნავთობზე.
- საფინანსო სექტორის გაძლიერება – აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი აქტიურად ახორციელებს რეფორმებს (მაგალითად, Basel III-ის სტანდარტები), რაც ბანკების მდგრადობას ზრდის.
- ფისკალური სიმტკიცე – სახელმწიფო ნავთობის ფონდში (SOFAZ) არსებული რეზერვები მთავრობას საშუალებას აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიოს ეკონომიკურ შოკებს. ფონდის მოცულობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 80%-ზე მეტს შეადგენს.
- გაძლიერებული ინსტიტუციური ჩარჩო – რეგულაციების, გამჭვირვალობისა და ფინანსური მართვის სისტემური გაუმჯობესება უზრუნველყოფს მთავრობის უკეთეს მუშაობასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
პოზიტიური პერსპექტივა
Moody’s ინარჩუნებს აზერბაიჯანისთვის პოზიტიურ პროგნოზს, რაც ნიშნავს, რომ რეიტინგი შესაძლოა მომავალშიც გაიზარდოს. სააგენტოს შეფასებით, თუ რეფორმები გაგრძელდება და შედეგიანი იქნება, ეს შეამცირებს ეკონომიკისა და ბიუჯეტის დამოკიდებულებას ნავთობზე და გააუმჯობესებს მმართველობის ხარისხს.
გამოწვევები
Moody’s ასევე მიუთითებს რამდენიმე რისკზე, რაც რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებას აფერხებს:
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
- გეოპოლიტიკური რისკები — პირველ რიგში სომხეთთან არსებული დაძაბულობის კონტექსტში.
- კლიმატის ცვლილება და გლობალური ნახშირწყალბადების მოთხოვნის შემცირება – გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება საფრთხე იყოს ქვეყნის შემოსავლებისთვის.
აზერბაიჯანთან მიმართებით Moody's-ი პოზიტიურ ფაქტორად აღნიშნავს ვალის დაბალ დონეს, რადგანაც საგარეო ვალი მშპ-ის 17.8%-ზე ნარჩუნდება. მიმდინარე წელს ქვეყანაში 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული, 2024 წელს კი რეალური ზრდა 4.1% იყო.




























