Moody's-ის თანახმად, არსებულ ვითარებაში საქართველოს სუვერენული რეიტინგის შემდგომი გაუარესების უფრო მეტი ფაქტორი იკვეთება, ვიდრე გაუმჯობესების განმაპირობებელი ვითარება.
სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, მთავარი განმსაზღვრელი წინაპირობა, რამაც რეიტინგი შეიძლება გააუმჯობესოს არის ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება და ევროკავშირისკენ დაახლოების პროცესის განახლება.
Moody's ქვეყანაში ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტებაზე მიუთითებს
Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ინსტიტუციური და მმართველობითი სტაბილურობა საფრთხის წინაშე დგას. ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება 2024 წლის მაისში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხება, მნიშვნელოვნად ზრდის გაურკვევლობას.
ასევე, Moody's-ი მიუთითებს, რომ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის დროებითი შეჩერება და ცენტრალური ბანკის მმართველობის ცვლილებები აჩენს კითხვებს ეროვნული ბანკის მმართველობითი პოლიტიკის შესახებ, ეს კი Moody’s-ის შეფასებით, ასუსტებს საქართველოს ინსტიტუციურ და მმართველობით სტრუქტურებს.
რეიტინგის გაუმჯობესების ფაქტორები
"რეიტინგის უარყოფითი პერსპექტივის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეიტინგი მოკლევადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს. პერსპექტივა, სავარაუდოდ, სტაბილურამდე შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური და შიდა პოლიტიკური რისკები არსებითად შემცირდება, რაც საქართველოს ინსტიტუტებისა და მმართველობის მდგრადი გაუმჯობესებისთვის გზას გახსნის", - წერს Moody's-ი.
რეიტინგის დაქვეითების ფაქტორები
"რეიტინგი, სავარაუდოდ, შემცირდება, თუ უფრო აშკარა გახდება, რომ ინსტიტუციური და მმართველობითი მდგრადობა კიდევ უფრო დასუსტდა, რაც, პოლიტიკურ რისკებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობაზეც უარყოფითად იმოქმედებს. მაგალითად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ინსტიტუტების უფრო სუსტი მდგომარეობის ნიშნები, ან მონეტარული და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის შემდგომი შემცირება, ფინანსური ან საგარეო სტაბილურობის შესუსტება ასევე რეიტინგზე შემცირებით ზეწოლას მოახდენს", - წერს Moody's.
საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც საქართველოს მომავალ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.
ორგანიზაცია 2025 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.
ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბოლო განახლებაში, საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.




























