მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოქალაქეებიც და ბიზნესებიც უცხოური ვალუტის ყიდვას დაიწყებენ“ - ნიკოლოზ შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ფინანსისტები ბოლო პერიოდის მოვლენებს - „ოცნების“ მთავრობის დეკლარირებულ განაცხადს და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან 4 წლით მოხსნის გადაწყვეტილებას და ბაზრის ბუნებრივ რეაქციას უკავშირებენ, როცა გაურკვევლობიდან გამომდინარე ეკონომიკური აგენტები და მოქალაქეები თვითგადარჩენის მიზნით ყიდულობენ უცხოურ ვალუტას.

ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, ეროვნულ ბანკს ჯერჯერობით აქვს რეზერვები, რომ სავალუტო ინტერვენციების გზით გააჩეროს ლარის გაუფასურება, თუმცა მოსალოდნელი კრიზისის პირობებში ეს რეზერვები საკმარისი არ აღმოჩნდება. მით უმეტეს, როცა ქვეყანას არ აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და არავინ არის, ვინც ცენტრალურ ბანკს რეზერვების შევსებაში დაეხმარება.

“გაუფასურდება თუ არა ლარი ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული, ერთი ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც მას გაუფასურებისკენ უბიძგებს და მეორე, ეროვნული ბანკი, რომელიც ცდილობს, რომ ინტერვენციებით დაიჭიროს. ჯერჯერობით სებ-ს აქვს იმდენი რეზერვები, რომ დახარჯოს და გააჩეროს [ლარის გაუფასურება], თუმცა რამდენი ხანი ეყოფა, კითხვის ნიშანია ცალკე უპასუხო. დღეს შეეცდება ძლიერად წარმოაჩინოს თავი და დაიჭიროს, თუ ამ რეალობას შეეგუება და კურსის ახალ დიაპაზონს დაიჭერს სანახავია, გამოჩნდება.

ძალიან სამწუხარო ვითარებაში ვართ, ასეთ დროს მუშაობს თვითგადარჩენის პრინციპი. ადამიანები ცდილობენ იყიდონ უცხოური ვალუტა, უსაფრთხოებისკენ გარბიან. მსოფლიოში კრიზისი რომაა ყველა ყიდულობს ამერიკულ დოლარს, ამერიკულ ფასიან ქაღალდებს, სახელმწიფო ობლიგაციებს, ძირითადი ქცევა ასეთია. ამ შემთხვევაშიც დაიწყება უცხოური ვალუტის ყიდვა, ბიზნესებიც გააკეთებენ ამას და მოქალაქეებიც“,-აცხადებს ნიკოლოზ შურღაია.

ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე ეროვნული ვალუტა უფასურდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი 6 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.84 თეთრი გახდა, ერთი ევრო კი ხვალ 2.99 ლარი ეღირება.

დოლარის შეძენა 10 თეთრით ძვირი ღირს ბანკებში, სადაც ერთი დოლარის ყიდვა 2,95 ლარად არის შესაძლებელი. 3.11 ლარი ღირს ერთი ევრო, რაც ოფიციალურ გაცვლით კურსს 12 თეთრით აჭარბებს.

2.90 ლარამდეა შესაძლებელი დოლარის კონვერტირება სავალუტო ჯიხურებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები