მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოქალაქეებს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა 11 თვეში შეეძლებათ“

634963f5dbc96
ალა ისპირიანი
14.10.22 20:00
4296
საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეებს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრა 11 თვეში შეეძლებათ. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ „საქმის კურსში“ განაცხადა.

კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

„დღეის მდგომარეობით ჩვენ დაბალ რისკიან საინვესტიციო პორთველში ვართ. მომავალი წლის სექტემბრიდან მონაწილეებს შეეძლებათ თვითონ აირჩიონ საშუალორისკიანი, დაბალრისკიანი და მაღალრისკიანი პორთველი.

მათ საშუალება ექნებათ ამ სამ პორტფელში მოახდინონ თავიანთი დანაზოგების ალოკაცია, ანუ 11 თვის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ სამი განსხვავებული რისკის მქონე პროფილში გადანაწილება მოახდინონ თავიანთი დანაზოგების“, - განაცხადა გიორგი მელიქიძემ და დასძინა, რომ აღნიშნულის შესახებ მოქალაქეები სრულად ინფორმირებულები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე, განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელი და რისკის დონე.

2023 წლამდე საპენსიო სისტემაში არსებული ყველა დანაზოგი ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში არის ნომინირებული. სამივე რისკიანობის დონე ითვალისწინებს უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობას. კერძოდ კი, საინვესტიციო დოკუმენტით რისკიანობის დონეები ასეთია:

ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი (სულ მცირე 5- წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით):

● ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) - ლიმიტი 75%-მდე;
● სასესხო ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 100%-მდე;
● წილობრივი ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 20%-მდე;
● უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები - ლიმიტი 20%-მდე.

საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელზე მეტი)

● ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) - ლიმიტი 50%-მდე;
● სასესხო ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 75%-მდე;
● წილობრივი ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 20%-დან 40%-მდე;
● სხვა აქტივები - 10%-მდე;
● უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები - 40%-მდე.

მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი)

● ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) - ლიმიტი 25%-მდე;
● სასესხო ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 50%-მდე;
● წილობრივი ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 40%-დან 60%-მდე;
● სხვა აქტუვები - 10%-მდე;
● უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები - 60%-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები