"მორატორიუმი, გაჩერება და განვითარების შეფერხება შეუძლებელია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა და უკვე რამდენიმე საათია, დაინტერესებული პირების კითხვებს პასუხობს.
„შესაძლებელია, ნებისმიერი ჰესის შენებლობის დროს, მოსახლეობის და ექსპერტების მეტი ჩართულობით თანამშრომლობის მექანიზმები გავაუმჯობესოთ. ამაზე ერთად მუშაობა ნამდვილად შეგვიძლია; თავადაც ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
დღესვე, კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო პროექტის საფუძვლიან რევიზიას არ გეგმავს.
ცნობისთვის: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-აა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA-ში აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებენ, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.




























