მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის გასამკაცრებლად მზად არის

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ მარეგულირებელი ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმშია და სიტუაციის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის გასამკაცრებლადაც მზად არის. მან ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე, ინფლაციის მართვის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავამ IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან ერთობლივი პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების კარგად მართვას ახერხებს.

"2023-2024 წლებში გვქონდა საკმაოდ დაბალი ინფლაცია, საშუალოდ 1.1%. მოგეხსენებათ, მიზნობრივი ინფლაცია არის 3%. შემდეგ, ჩვენი პროგნოზების მიხედვით ვიცოდით, რომ 2025 წელს ინფლაცია გადააჭარბებს მიზნობრივს, თუნდაც იმიტომ, რომ წინა წლების შესადარისი ბაზა დაბალი იყო და ზრდა გამოჩნდებოდა, პლუს გარკვეული ერთჯერადი ფაქტორები მოქმედებდა, მაგრამ მოლოდინი გვქონდა, რომ 2025 წლის შემოდგომის შემდეგ ინფლაცია დაიწყებს დაღმასვლას და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. მოვლენები ზუსტად ასე ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ახალი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვასთან, ნავთობის ბაზრებზე არსებულ მდგომარეობასთან. აქ არის ძალიან დიდი გაურკვევლობა, დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი და ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები. თუმცა მარტის მაჩვენებლით რომ ვივარაუდოთ, აქ მხოლოდ მცირე დოზით, ნაწილობრივაა ასახული ეს შოკი - 4.3% არის უფრო დაბალი ინფლაცია ვიდრე წინა პერიოდში. ასევე, საყურადღებოა, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს ისეთ პროდუქციას, რომლის ფასებიც მაღალი მერყეობით ხასიათდება, არის 2.4%, ანუ მიზნობრივზე დაბალი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დღემდე ვახერხებთ, ინფლაციური მოლოდინები კარგად გვქონდეს მართული. ეს გვეხმარება, რომ უფრო მედეგად შევხვდეთ ახალ გამოწვევას.

ზემოქმედება, რომელსაც ეს ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე დამოკიდებულია რასაკვირველია ამ შოკის ხანგრძლივობაზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის. გაკეთებული გვაქვს შიდა გათვლები, რომლიდანაც შემდეგ ჩვენი პოლიტიკის გადაწყვეტილებები მომდინარეობს ნავთობის სხვადასხვა ფასებთან კორელაციაში - ძირითადი მაჩვენებელი, რაც გლობალურად მოქმედებს ესაა. პასუხი ზოგადად ინფლაციურ შოკებზე, ჩვენი ბერკეტი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შედარებით დაბალინფლაციური პერიოდები გვქონდა, რეგიონში დიდი გაურკვევლობიდან გამომდინარე და იგივე რუსეთ-უკრაინის ომიდან და სხვა რისკებიდან, თუნდაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის რისკიდან, რომელიც ერთ-ერთ სცენარში გვქონდა ნავარაუდევი, ამ გამოწვევას ისედაც შედარებით გამკაცრებული პოლიტიკის განაკვეთით შევხვდით - 8% არის დღეის მდგომარეობით და ეს 1 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი. გვქონდა იმედი, რომ მისი ნორმალიზაცია და შემცირება შეგვეძლებოდა, თუმცა ახლა ჩვენ, მსგავსად მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკისა, ვართ მოლოდინის რეჟიმში და ვუყურებთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გამომდინარე აქედან, ჩვენ მზად ვართ იმისთვისაც, რომ პოლიტიკის გამკაცრება გავაკეთოთ. ზოგადად, საქართველოს ცენტრალური ბანკი ბოლო შოკების პერიოდში იმით არის ცნობილი, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ეს ასეც გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები