საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მზადაა მონეტარული პოლიტიკის გასამკაცრებლად - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ნათია თურნავა ამბობს, რომ მარტში დაფიქსირებული ინფლაციის 4.3%-იანი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მოლოდინებთან თანხვედრაში იყო, თუმცა გლობალურად მიმდინარე პროცესები გარკვეულ გავლენას მომდევნო პერიოდში საქართველოზეც მოახდენს.
სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ინფლაციური ზეწოლა მიწოდების შოკიდან მომდინარეობს, რაზეც როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მყისიერად არ რეაგირებენ. შესაბამისად, მისი თქმით, სებ-ი საერთაშორისო პროცესებს კვლავ აკვირდება.
„რაც შეეხება ინფლაციას - ალბათ, ეს არის ახლა ყველაზე მეტად უფრო საყურადღებო, რადგან საუბარია გლობალური ფასების ზრდაზე და ეს, რასაკვირველია, საქართველოზეც გარკვეულ ზეწოლას მოახდენს. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მარტის [ინფლაციის] მონაცემები ჯერ კიდევ იმ ტენდენციას ასახავს, რასაც ჩვენც, ეროვნული ბანკი ვვარაუდობდით, ანუ დაღმავალ ნიშნულს, დაღმავალ მაჩვენებელს - 4.3%. ეს უფრო ნაკლებია თებერვლის, იანვრის და განსაკუთრებით წინა წლის ოქტომბრის პიკზე. ანუ ამ ტრაექტორიას მიჰყვებოდა ჯერჯერობით ინფლაცია.
ასევე მნიშვნელოვანია, თუ შეხედავთ საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც ინფლაციურ მოლოდინებს უფრო მეტად ასახავს, ის, მიზნობრივი ინფლაციის ქვევით იყო - 2.4% მარტში. ასევე მომსახურების ინფლაცია, რომელიც გრძელვადიან მოლოდინებს ასახავს - 3,3%, ანუ ისევ მიზნობრივთან ახლოს. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკა კარგად არის გაგებული, ნდობა არსებობს და ინფლაციური მოლოდინები ჯერჯერობით არის კარგად მართული.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ კვლავაც გავაგრძელებთ ინფლაციური მოლოდინების მართვას. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ტრადიციული შოკი. როგორც წესი, ინფლაციური ზეწოლა მოდის გაზრდილი მოთხოვნიდან. ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ახლა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა მიწოდების შოკი გამოიწვია, ანუ უფრო მეტად სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის მიწოდება, მიწოდების ჯაჭვები შეფერხდა და აქედან გამომდინარე არის ეს ინფლაციური ზეწოლა.
ასეთ დროს ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, მყისიერად არ რეაგირებენ და უფრო აკვირდებიან ვითარებას. ჩვენც ბოლო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება არ მიგვიღია, იმიტომ რომ ჩვენც, სხვა წამყვანი ცენტრალური ბანკების მსგავსად, ვითარებას ვაკვირდებით - შევხედავთ თუ რა ხანგრძლივობის იქნება ეს კონფლიქტი, როგორი იქნება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დინამიკა, იმიტომ რომ მაღალი მერყეობაა, ხედავთ, რომ ხან აიწევს, ხან ისევ დაიკლებს გამომდინარე იმ განვითარებიდან, რაც კონფლიქტს აქვს.
იმედი გვაქვს, თუ მალე დასრულდება ეს ყველაფერი, ნორმალიზაციაც მალე მოხდება და ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი [მონეტარული პოლიტიკის] გამკაცრებისკენ ნაბიჯის გადადგმა არ მოგვიწევს. ამის იმედი გვაქვს, თუმცა მზადყოფნა გვაქვს, რასაკვირველია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




























