წამყვანმა ამერიკულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა Morgan Stanley-მ პირველი კვარტალის შემოსავლები გაასაჯაროვა და ანალიტიკოსთა მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა და $20.58 მილიარდი შეადგინა, რაც ნავარაუდებ $19.72 მილიარდზე თითქმის $1 მილიარდით მეტია.
ბანკის წმინდა მოგება 29%-ით გაიზარდა და $5.57 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება ინვესტორებისთვის გასაცემი დივიდენდების მოცულობას, მან ერთ აქციაზე $3.43 შეადგინა, მაშინ როდესაც LSEG-ის პროგნოზი $3-ს ითვალისწინებდა.
ფინანსური შედეგების ზრდაში გადამწყვეტი როლი სავაჭრო ოპერაციებმა შეასრულა, სადაც შემოსავალი პროგნოზზე თითქმის $1 მილიარდით მეტი აღმოჩნდა. აქციებით ვაჭრობის მიმართულებიდან მიღებული თანხა 25%-ით გაიზარდა და რეკორდულ $5.15 მილიარდს მიაღწია. ფიქსირებული შემოსავლის სეგმენტში მაჩვენებელი 29%-ით გაუმჯობესდა და $3.36 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება საინვესტიციო საბანკო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, ამ მხრივ 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქონების მართვის მიმართულებით კი შემოსავალმა რეკორდულ $8.52 მილიარდს მიაღწია.
ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტედ პიკმა განაცხადა, რომ საფინანსო ინსტიტუტმა პირველი კვარტალის რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ბაზრის არასტაბილურობას წარმატებით გაართვა თავი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო მართვის მიმართულების შემოსავალი 4.2%-ით შემცირდა, საერთო მაჩვენებლებმა ინვესტორების ნდობა მაინც განამტკიცა.
აღსანიშნავია, ტომ Morgan Stanley-ს აქციების ფასი სავაჭრო სესიის დაწყებამდე 3%-ით გაიზარდა. ამჟამად კი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $165 მილიარდს შეადგენს.




























