"მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ფაქტობრივად, ფორმალობად აქცევს," - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ნატროშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" გზავნილია, ყველა ფინანსური წყარო თუ უანგარო დახმარება, მათ შორის უცხოური, უნდა იყოს „ქართული ოცნების" დაქვემდებარებაში.
"კანონპროექტებს დაველოდოთ დეტალებისთვის, მაგრამ რაც „ქართული ოცნების" ბრიფინგზე მოვისმინეთ,, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ფაქტობრივად, ფორმალობად აქცევს.
გზავნილი ასეთია: ყველა ფინანსური წყარო თუ უანგარო დახმარება, მათ შორის უცხოური, უნდა იყოს „ქართული ოცნების" დაქვემდებარებაში და თუ გაბედავ და ამ წყაროებთან რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი შეხება გექნება, უკეთეს შემთხვევაში პასიურ საარჩევნო უფლებას ჩამოგართმევენ და უარეს შემთხვევაში დაგიჭერენ", - წერს ლევან ნატროშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ახალ შეზღუდვებს აკანონებს. კერძოდ, ხელისუფლება გეგმავს, სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანას, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას კიდევ უფრო ართულებს. მაგალითად: "ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს; სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი; პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება განხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ასევე, ხელისუფლება გეგმავს მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შედეგად, მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით და ა.შ.
"ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს ამკაცრებს - ზუსტდება გრანტების განმარტებაც
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი - "ქართული ოცნება"
"ქართული ოცნება" მორიგ შეზღუდვებს აკანონებს | მმართველი პარტიის გეგმა ვრცლად
ფასების რეგულირების დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს - "ოცნება"




























