მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობამ ელექტროენერგიაში ფული ისევე უნდა გადაიხადოს, როგორც პურში" - ასლან ბჟანია

ბჟანია

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა წლებია გადაუჭრელია. გამრიცხველიანებასთან ერთად ტერიტორიაზე გამოწვევაა უკანონო მაინინგი, რომელიც დენის მოხმარებას ზრდის. აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დღე–ღამეში 11 მლნ კვტ/სთ–ს შეადგენს. 2022 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა მთლიანობაში 3 მლრდ კვტ/სთ ელენერგია მოიხმარა. აქედან 900 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან მიიღო, ხოლო 2,1 მლრდ კვტ/სთ ენგურჰესიდან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დღეს  გალის რაიონში ენგურჰესის კომპლექსის საქმიანობას გაეცნო. ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ ასლან ბჟანიას მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ფუნქციონირებს ენერგეტიკული კომპლექსი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „წელს შარშანდელზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“.

„მიუხედავად ამისა, შემოდგომაზე წყალი არ იქნება საკმარისი და შესაბამისად,მოგვიწევს, ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად ისევ რუსეთის ხელმძღვანელობას მივმართოთ“, - განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, მსგავსი სიტუაციებში „ბევრ მეზობელ სახელმწიფოს შეექმნა“. ბჟანიამ ენერგეტიკული რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

„საქართველოში იყო დრო, როცა ელექტროენერგია 5,7,10 საათის განმავლობაში ითიშებოდა არის ეკონომიკური მიდგომები, უკვე დანერგილია და ჩვენ დაგვჭირდება ამ გზით გავლა. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა ბჟანიამ.

როგორც ბჟანიამ განაცხადა, მოსახლეობამ ელექტროენერგიაში ფული ისევე უნდა გადაიხადოს როგორც პურში, ფქვილსა და მობილურ კავშირში.

„ამ თანხის გადახდა აუცილებელია ისევე როგორც ვიხდით პურში, ფქვილში, მობილურ კავშირსა და სხვა საქონელში, რომლებსაც ვიყენებთ. ელექტროენერგია იგივე საქონელია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ელექტროენერგეტიკა პოლიტიკას ექვემდებარებოდა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს ეკონომიკის სფეროა და მან ეკონომიკის კანონებით უნდა იარსებოს. ეს უნდა გავითავისოთ და გავიგოთ“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები