ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავაც გამოწვევაა. ამის შესახებ ნარმანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ნარმანია განმარტავს, ტექნიკურ საკითხებზე თანამშრომლობა ხდება, თუმცა არ აქვს ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრისა და რომეო მიქაუტაძის ზუგდიდში გამართული შეხვედრის შესახებ.
ამასთან, სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სრულდება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთმა ენგურჰესის გამომუშავების 40%, დანარჩენი კი საქართველომ უნდა მოიხმაროს.
„მე ამ შეხვედრას არ დავსწრებივარ. შესაბამისად, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რა თქმა უნდა, კვლავაც გამოწვევაა. ის შეთანხმება, რაც თავის დროზე, 90-იანი წლებიდან მომდინარეობს ელექტროენერგიის 40/60-ზე პროპორციით გაყოფასთან დაკავშირებით, ეს პროპორცია სრულდება, ანუ აფხაზეთის მხარეს მეტი ენერგიის გადადინება არ ხდება. როცა ენგურჰესზე წყალი არ არის, ძირითადად ზამთრის თვეებში, აფხაზეთს უწევს ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან. სხვა შემთხვევაში, როცა ენგურჰესზე წყალუხვობაა, ენგურჰესის ენერგია მიეწოდებათ მათ. თუმცა აფხაზეთში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ უჩნდებათ სურვილიც და მით უმეტეს, როდესაც ხედავენ, რომ აქეთ მხარეს ეს ყველაფერი, აღრიცხვაც, ანგარიშსწორებაც, მოწესრიგებულია, იქაც იყოს ასე. იმიტომ, რომ ენერგია, რომელსაც ისინი რუსეთიდან იღებენ არაა უფასო, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ იმპორტში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ტექნიკურ საკითხებზე თანამშრომლობა ხდება ენგურჰესის ფარგლებში, სხვა ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა ნარმანიამ მედიაცენტრ "მთავარში".
აფხაზეთს ელექტროენერგიას "გარდაბნის თბოელექტროსადგური" აწვდის