პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის 2025 წლის ანგარიში მოისმინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
მომხსენებლის განცხადებით, 2025 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურში მომხმარებლების 1 100 განცხადება შევიდა, საიდანაც 506 განცხადება წყალმომარაგებას შეეხებოდა, 444 - ელექტროენერგიას, 102 - ბუნებრივ გაზს, 2 - ირიგაციას.
„2025 წელს 1050-ზე მეტი რეკომენდაცია გავეცით. 188 000 ლარზე მეტი არასწორად დარიცხული გადასახადი ჩამოიწერა. შემოსული განცხადებების 78% მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა, 5% - მედიაციით, 10% - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 7% - არ დაკმაყოფილდა“, - აღნიშნა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა.
როგორც ნინო გულეიშვილმა განაცხადა, სამსახური მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შედეგად, წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა.




























