საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში არავინ აპირებს საქართველოს მოსახლეობის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დასჯას. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბერლინში შეხვედრებისას არსებულ განწყობებს შეეხებოდა.
„ბერლინში კომუნიკაცია გვქონდა რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია. არავინ აპირებს საქართველოს დასჯას, არავინ აპირებს საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დასჯას, შესაბამისად ყველაფერი კარგად იქნება ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი; სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თქვენ გახსოვთ რამდენი ტყუილი ვრცელდებოდა თქვენი ტელევიზიების მხრიდან, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, იტყუებოდით და იტყუებოდნენ. თქვენ იტყუებოდით, რომ კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი და შემდეგ, წელიწად-ნახევრის თავზე, როდესაც გვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თქვენვე ამტკიცებდით იმას, რომ არავითარი ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი არ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. შესაბამისად, ყალბი მესიჯებით ცდილობდით, რომ შეგექმნათ აჟიოტაჟი საზოგადოებაში, რომ გეცადათ რევოლუციის მოწყობა, რაც ჩაგივარდათ.
მოლაპარაკებების გახსნა არის გამოუსადეგარი თემა შანტაჟისთვის. ვინც გვაშანტაჟებდა 2022 და 2023 წელს, იგივე ხალხი გვაშანტაჟებს. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული. ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან. კანონის მიღების შემდეგ დღეს ეს შანსი არის გაზრდილი დაახლოებით 20-30%-მდე, თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
ერთია განცხადებები და მეორეა შედეგი. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ