საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას თქმით, წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდება ნდობა ლარის მიმართ, რასაც ადასტურებს დეპოზიტების მზარდი მაჩვენებელი. მან ამის შესახებ ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის „ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
საიუბილეო მარკა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ გამოუშვა და საქართველოს ფოსტამ დაამზადა. საიუბილეო მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30-წლიან განვითარებას ასახავს.
თურნავამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ფოსტასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიუბილეო მარკის გამოშვებისთვის და აღნიშნა, რომ ლარისადმი მიძღვნილი ახალი მარკების სერია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ფილატელისტიკაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
„თუ 15 წლის წინ ლარში დენომინირებული დეპოზიტების წილი მხოლოდ 30% იყო, ახლა 50-50%-ზეა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესის უფრო მეტი წილი ანდობს თავის დანაზოგებს ლარს. ლარი რეალურად იქცა როგორც ანგარიშსწორების, ასევე დაზოგვის, ინვესტირების სანდო საშუალებად და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.
საიუბილეო მარკის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი - საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა.
ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.




























