მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ წლების განმავლობაში ლარის მიმართ ნდობა სულ უფრო მზარდია" - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

"ამ წლების განმავლობაში ლარის მიმართ ნდობა სულ უფრო მზარდია“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„მინდა განსაკუთრებით მივესალმო და მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს, ვინც წლების წინ აქტიურად იყავით ჩართული ლარის შექმნის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით და ეს პროცესი ბოლომდე წარმატებით მიიყვანეთ. სწორედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილის შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენცია სწორედ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში ლარის მიმართ ნდობა სულ უფრო მზარდია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომისტის პროფესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლისთვის, ამ პროფესიის წარმომადგენელთა წვლილი კი ეკონომიკური უსაფრთხოების, ძლიერებისა და განვითარებისთვის ფუნდამენტურია.

„საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების შთამბეჭდავი მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ეკონომისტები - როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და მიუხედავად გლობალურად დაფიქსირებული არაერთი გამოწვევისა თუ კრიზისისა, ქვეყნის ეკონომიკა მდგრად მაჩვენებლებს ინარჩუნებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ღონისძიების ფარგლებში ცნობილმა ეკონომისტებმა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემაზე მოხსენება წარადგინეს, მათ შორის ისაუბრეს ლარიზაციის გაზრდილ როლზე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში, ეკონომიკურ გლობალიზაციასა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე და სხვა.

ეკონომისტის დღე საქართველოში ტრადიციულად 1999 წლიდან სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს ეკონომისტის პროფესიული დღე აღინიშნება, რაც უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის“ გამოსვლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები