მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას სებ წლის დასაწყისში ვარაუდობდა.

შესაბამისად, ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ახლა ის 5%-ის ნაცვლად 6%-ს შეადგენს, თუმცა თურნავა არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უფრო მაღალიც იყოს.

“ეს ძალიან დიდი პოზიტივის მომტანია ქვეყნისთვის და ნიშნავს, რომ მთელი რიგი დარგები ვითარდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ მაღალი დასაქმების დონე, რაც მიღწეულია, კვლავაც შენარჩუნდება. თუმცა, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რომ მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა, ანუ მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა სამომხმარებლო ფასებზე, ნეგატიური შედეგის მომტანი არ იყოს. ამიტომ ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას ვახორციელებთ. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს, მიმდინარე წლის ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის დეკომპოზიცია გავაკეთეთ და სურათი იმგვარია, რომ ძირითადად ორი კომპონენტია განმსაზღვრელი: ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა ანუ ექსპორტი. მოხმარების მხრიდან პირველ კვარტალში კონტრიბუცია შემცირებული იყო, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ფასების სტაბილურობაზე, თუმცა ჩვენ ამ პროცესს კვლავაც ვადევნებთ თვალს. 

რაც შეეხება დარგებს, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე გამოვყოფდი საფინანსო სექტორს, რომელიც კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი საფინანსო სექტორი არის ჯანსაღი, ძლიერი და კვლავაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ ზრდაში”,- ამბობს თურნავა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები