მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სებ-ი აპოლიტიკური სტრუქტურაა... ყველამ შორს დაიჭიროს თავი ეროვნული ბანკისგან“

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მარეგულირებელი აპოლიტიკური სტრუქტურაა და არავინ უნდა ეცადოს სებ-ის პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას. ამის შესახებ ნათია თურნავამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს ვისი გავლენისა და წნეხის ქვეშ მიიღო სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება კონსტიტუციითაა ნაკარნახევი.

„რაც შეეხება ვინმეს წნეხით ხომ არ მოქმედებს ან იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკი - ჩვენი გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობითაა ნაკარნახევი, ჩვენთვის ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

თუ ვინმესგან ვხედავ ამ წნეხს, ან წნეხის მცდელობას ამ დღეებში, ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური წრეები, რომლებიც საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეროვნული ბანკი აპოლიტიკური სტრუქტურაა და არ ექცევა პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში, არ მოქმედებს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და ყველამ შორს დაიჭიროს თავი ეროვნული ბანკისგან და ნუ ეცდება ჩვენს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობიდან გადადგა.