მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა:  დასაქმების მაღალი დონე, რაც მიღწეულია, კვლავაც შენარჩუნდება

ნათია თურნავა სებ-ის ტრიბუნასთან

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.

,,ვითარდება მთელი რიგი დარგები, ეს ნიშნავს მეტ შემოსავლებს, ეს ნიშნავს რომ მაღალი დასაქმების დონე რაც არის მიღწეული კვლავაც შენარჩუნდება, თუმცა ჩვენ ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალყური რომ მოთხოვნის მხრიდან ზეწოლა ფასებზე არ იყოს ნეგატიური შედეგის მომტანი, რასაც ჩვენ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკით ვახორციელებთ“, - აღნიშნულის შესახებ ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  
მისი თქმით, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის.  საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე დამატებით ინფლაციური წნეხი განეიტრალდება თუკი ეს ზრდა ეკონომიკის ჯამური პოტენციალის ზრდით იქნება განპირობებული.

,,შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კვლავ გასათვალისწინებელია. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება” - აღნიშნა თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ეკონომიკურ ზრდაში საფინანსო სექტორი კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ხელფასის ზრდის ტემპმა მოიკლო, რამაც პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის მზარდი ტენდენციაც შეანელა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ხელფასი - ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა. თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ჯერ კიდევ მაღალი დონე შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები