მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია, რომ ფეროშენადნობების დარგი კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა - ასოციაცია

ნუგზარ კევლიშვილი

ფეროშენადნობების დარგი მორიგი კრიზისის მოლოდინშია. მიუხედავად 8 თვეში ექსპორტის 91%-იანი ზრდისა, სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლობალურად ფეროსილიკონ მანგანუმზე შემცირებული ფასების ფონზე, დარგში ვითარების გაუარესებაა მოსალოდნელი.

როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, გაუმჯობესებული სტატისტიკური მონაცემები მეტწილად გასული თვეების ტენდენციას ასახავს, როდესაც გლობალურად ფასები შედარებით გაზრდილი იყო, ახლა კი დარგში ვითარება მკვეთრად შეცვლილია და სექტორი მორიგი კრიზისის წინაშე დგება.

ასოციაციის ხელმძღვანელის, ნუგზარ კევლიშვილის განცხადებით, თუკი ზაფხულში ფეროსილიკონ მანგანუმზე ფასი ერთ ტონაზე 1400 დოლარის ფარგლებში იყო, ახლა ფასი 1200-1220 დოლარამდეა შემცირებული.

ფასების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ასოციაციაში იმ გარემოებას ასახელებენ, რომ ინდოეთმა, რომელსაც წითელი ზღვის კრიზისის ფონზე, პროდუქციის მიწოდებაში შეფერხება ჰქონდა, ლოგისტიკური პრობლემები დაალაგა.

„8 თვის სტატისტიკა გაუმჯობესებულია, თუმცა ახლა შემოდგომა-ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან ერთად ფეროსილიკონ მანგანუმზე ფასი დაეცა. მადნის ღირებულებაც შემცირებულია და ეს იმას ნიშნავს, რომ ამას აუცილებლად კიდევ უფრო მეტად მოჰყვება ფეროსილიკონზე ფასის კლება. ზაფხულში ფასი 1400-1450 დოლარის ფარგლებში იყო, ახლა კი 1200-1220 დოლარის ფარგლებშია და კიდევ კლებაა მოსალოდნელი.

პროდუქციაზე ფასის კლების მიზეზი ისაა, რომ ჩვენმა ინდოელმა კონკურენტებმა ლოგისტიკური ჯაჭვი დაალაგეს, ევროპაში მიწოდება განაახლეს, იქ წარმოუდგენლად იაფია ნედლეული, მუშახელი და ელექტროენერგია. შესაბამისად, ახლა მხოლოდ ხარისხით ვუწევთ კონკურენციას. თვითონ თურქეთშიც არაა კარგი მდგომარეობა, მეტალზე ფასი დაწეულია, შესაბამისად, იაფ ნედლეულს ეძებენ“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ვითარებას ართულებს ისიც, რომ ზამთრის პერიოდში მძიმე მრეწველობის საწარმოებს ელექტოენერგიის უფრო ძვირად შესყიდვა მოუწევთ. შესაბამისად, არაა გამორიცხული, მცირე საწარმოებს წარმოების პროცესის გაჩერება კვლავ მოუწიოთ.

„დადებით ტენდენციაზე საუბარი არარეალურია და პირიქით ჩემი აზრით, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა ფეროშენადნობების დარგი შემოდგომა-ზამთრის პერიოდთან ერთად. ამ პერიოდში ქვეყანაში წყალუხვობა არაა, შესაბამისად, ელექტროენერგიის იმპორტი ხდება და ფასი იზრდება. ჩვენს დარგში ელექტროენერგიას თვითღირებულებაში 25-30% უჭირავს. შესაბამისად, წარმოება უნდა შემცირდეს. ორწელიწად-ნახევარია დარგში კრიზისი მიმდინარეობს, ცოტა გამოცოცხლება ზაფხულში იყო და ახლა ისევ შემცირდა ფასი. იმის რესურსი, რომ კიდევ ვიღაცამ რამდენიმე თვე და ერთი წელი შეინახოს საწარმო, არამგონია, ბევრს ჰქონდეს ან საერთოდ ვინმეს ჰქონდეს. ზაფხულში რამდენიმე საწარმომ მუშაობა განაახლა და კიდევ თუ დაიწია ფასმა, რაც ჩემი აზრით, გარდაუვალია, საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ, ალბათ ისინიც შეაჩერებენ დროებით წარმოებას“, - აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე სულ 219 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, რაც წლიურ ჭრილში 91%-იანი ზრდაა. მთავარი საექსპორტო ბაზრები აშშ და თურქეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები