ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ოპერირების განახლებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
როგორც „ჯეო ფერო მეტალის" დირექტორი BMG-სთან აცხადებს, გასულ თვეებში დარგში დაფიქსირებული ტენდენციების გათვალისწინებით, წარმოების განახლებას გეგმავდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ფეროსილიკონ მანგანუმზე ფასების შემცირების ფონზე, ჯერჯერობით მუშაობის განახლებისგან თავს იკავებენ.
გიორგი ნოზაძის განცხადებით, ამჟამად პროდუქციაზე არსებული ფასი - ერთ ტონაზე 1250 დოლარი, მათ მიერ წარმოებული ფეროშენადნობების თვითღირებულებაზე დაბალია.
“ჩვენი წარმოება თითქმის ორი წელია გაჩერებულია, გასულ თვეებში ფასები გაზრდილი იყო, ამას ის გარემოება დაემატა, რომ ზაფხულში ელექტროენერგიაზე ფასები დაბალი იყო. შესაბამისად, იმედი გაჩნდა და წარმოების განახლებას ვფიქრობდით. თუმცა ბოლო პერიოდში ისევ შეიცვალა სიტუაცია და ფეროსილიკონ მანგანუმზე ისევ ქვემოთ წამოვიდა ფასები. ამან შეგვაშინა და თავი შევიკავეთ წარმოების განახლებისგან. რა თქმა უნდა, გაჩერებული წარმოება ცუდია, თუმცა ამჟამად პროდუქციაზე არსებული ფასი, 1250-1300 დოლარი ჩვენი წარმოებისთვის თვითღირებულებაზე დაბალია. დაკვირვების რეჟიმში ვართ და როდესაც სიტუაცია გაუმჯობესდება, მზად ვართ საწარმოს მუშაობა განვაახლოთ“, - განაცხადა გიორგი ნოზაძემ.
ცნობისთვის, ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ გლობალურად ფეროსილიკონ მანგანუმზე შემცირებული ფასების ფონზე, დარგში ვითარების გაუარესება და კრიზისის გაღრმავებაა მოსალოდნელი.