მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოსალოდნელია, რომ ტვირთების დამატებითი რაოდენობა შუა დერეფნისკენ წამოვა" - ისრაელ-ირანის კონფლიქტის გავლენა გადაზიდვებზე

მიხეილ ბაბუნაშვილი

ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტის ფონზე, გადამზიდავები შუა დერეფნის გააქტიურებას ელიან.

როგორც ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ე.წ სამხრეთ დერეფანი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ისედაც შეზღუდული იყო.

მიხეილ ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, მოლოდინია, რომ ტვირთების დამატებითი ნაწილი შუა დერეფნისკენ გადმომისამართდება.

თუმცა მისი თქმით, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი გადაზიდვების სექტორისთვის გამოწვევებსაც ქმნის, მათ შორის გაძვირებული ნავთობპროდუქტების გამო.

„დასავლეთ ევროპის სავაჭრო გზა ფაქტობრივად სამი დერეფნისგან შედგება - ჩრდილოეთ, სამხრეთ და შუა დერეფანი. ირანზე როდესაც ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სამხრეთ დერეფანზე და რადგან ირანს დიდი ხანია უკვე სანქციები აქვს დაწესებული, [ამ მიმართულებით] ისედაც შეზღუდული არის რაღაც დონეზე მოძრაობა. თუმცა ამ მოვლენების შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ისევ დამატებით კიდევ რაღაც რაოდენობა ტვირთები შუა დერეფანზე წამოვა. ჩვენი დერეფანი უფრო აქტიური ხდება დღითი დღე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა გვქონდეს, რათა ამ მოთხოვნას მაქსიმალურად შევესაბამებოდეთ.

თუმცა ამ მოვლენებს, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენებიც აქვს. კონკრეტულად გადაზიდვების სფეროზე რომ ვისაუბროთ, პირველი რაც არის - საწვავის ფასი გაიზარდა უკვე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება გადაზიდვებზე, იმიტომ, რომ საწვავის ფასის მატება პირდაპირ პროპორციული არის [გადაზიდვებზე] ფასების მატების. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფასი სტაბილურად ნარჩუნდება და ისევ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ შუა დერეფნის განვითარებას”, - განაცხადა მიხეილ ბაბუნაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები