მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლეებო, როგორი სამართლიანიც თქვენი დანიშვნა იყო, ისეთია თქვენი გადაწყვეტილებებიც - გურჩიანი

თამარ გურჩიანი

საჯარო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი, იურისტი თამარ გურჩიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მოსამართლეებს მიმართავს. "მოსამართლეებო, როგორი სამართლიანიც თქვენი დანიშვნა იყო, ისეთია თქვენი გადაწყვეტილებებიც", - წერს იურისტი, რომლის მიმართვის მთავარი ადრესატი ის მოსამართლეები არიან, ვინც პროევროპულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების საქმეებს განიხილავს. "რეჟიმის მონა" - ასე აფასებს იურისტი მათ.

თამარ გურჩიანის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

"უნივერსიტეტი 2003 წელს დავამთავრე, წარჩინებით. ჩემს მრავალშვილიან მშობლებს მაშინ ფინანსურად ისე უჭირდათ, იმ დროის გახსენებაც არ მინდა. მაგრამ მაინც მადლიერი ვარ, რომ სწავლის და შემეცნების დრო და საშუალება მქონდა. შემდეგ, ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ერთ-ერთ უძველეს ამერიკულ უნივერსიტეტში ვისწავლე, რომლის სამართლის სკოლაც მარშალის და ვითის სახელს ატარებს (ვითი სწორედ აქ ასწავლიდა მარშალს სამართალს) ეს ის ჯონ მარშალია, ამერიკის უზენაესი სასამართლოს ლეგენდარული თავმჯდომარე რომ იყო. ვიცი, ყველა მოსამართლეს გაგონილი აქვს მისი სახელი. და ვიცი, წაკითხული აქვთ გადაწყვეტილება Marbury v. Madison.

დიახ, ამ პოსტს უდიპლომო ბანდიტებს არ ვუძღვნი, ისინი არაფერ ფორმალურს არ აღიარებენ - არც სახელმწიფო ინსტიტუტებს, არც განათლებას. ამას ვუძღვნი მოსამართლეებს, რომელთა პროფესია ფორმალური კანონის ცოდნის გარდა, “ქმნა მართლისა სამართლისა” უნდა იყოს. თავის ქალები რომ ჩაულეწეს, სახის ძვლები რომ ჩაუმსხვრიეს იმ ახალგაზრდებს რომ ჯარიმებს უწერენ, ეს კონსტიტუციური და ეგზისტენციური კრიზისი რომ შეეძლოთ თავიდან აერიდებინათ და არ აირიდეს, იმ მოსამართლეებს.

ისინი მოსამართლის მანტიის ღირსები ნამდვილად არ არიან. უფრო მეტიც, საერთოდ არ არიან მოსამართლეები. სწორედ ჯონ მარშალმა დასვა ეს კითხვა თავის დროზე: What is it that makes us trust our judges? და პასუხიც გასცა: Their independence in office and manner of appointment.

ძვირფასო მოსამართლეებო, როგორი სამართლიანიც თქვენი დანიშვნა იყო, ისეთია თქვენი გადაწყვეტილებებიც. თქვენი დამოუკიდებლობა კი ისეთი ხარისხისაა, რომ პირველ რიგში სწორედ თქვენ შეგეფერებათ ეს ორი სიტყვა: “რეჟიმის მონა”, - წერს თამარ გურჩიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები