მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსამართლეებთან მაქსიმალურად ვერიდებით რაიმე ფორმით ზედმეტ კონტაქტს - პრემიერი

6433e2cbf31b4
BM.GE
10.04.23 14:18
368
თქვენ იცით, რომ მე პირადად და ჩვენი ხელისუფლება, მაქსიმალურად ვერიდებით რაიმე ფორმით ზედმეტ კონტაქტსაც კი და ჩვენ, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს, მაქსიმალურად გავქვს შემცირებული ეს კონტაქტები, შეხვედრები და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც პრემიერი და მთავრობის მეთაური, ყოველთვის მზად არის, რომ მოისმინოს ინფორმაცია მოსამართლეებისგან.

„თუ, რა თქმა უნდა, სურვილი იქნება და რაიმე კონკრეტულ საქმეს შეეხება, მე ყოველთვის მზად ვარ როგორც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის მეთაური, რომ მოვისმინო ინფორმაცია მოსამართლეებისგან, გავიზიარო მათი წუხილი და ამის შემდეგ ჩვენ დავიგეგმოთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დღევანდელი შეხვედრა იყო დახურული და საუბრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება, თუმცა მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოისმინა შემაშფოთებელი ინფორმაციაც გარკვეულ ჩარევებსა და ზეწოლებზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ ბუნებრივია ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი მე ვიტყოდი, იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზმგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - მიიღო თუ არა პრემიერმა დიმიტრი გვრიტიშვილისგან ინფორმაცია ზეწოლაზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

„მე გიდასტურებთ, რომ მივიღე ეს ინფორმაცია. ამის თაობაზე მოგახსენებთ მოგვიანებით. მივიღე ინფორმაცია, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები