მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა

მზია ამაღლობელი

დღეს, 24 აპრილს, მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა განიხილა მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ და საქმის წარმოება შეწყვიტა.

მზია ამაღლობელი "ოცნების" პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის უჩიოდა. აღსანიშნავია, რომ ეს მსგავსი შინაარსის მეორე სარჩელი იყო. იმავე საფუძვლით ამაღლობელმა აქამდეც მოითხოვა კობახიძისგან ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა, თუმცა მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა საქმის წარმოება.

როგორც "ნეგტაზეთი" წერს, სხდომას მოპასუხე მხარე არ დაესწრო.

სიტყვით ისარგებლა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელება.

„ბედის ირონია მგონია ამ მოცემულობაში ყოფნა და რას ვგულისხმობ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის დასაშვებობაზე. მოკლედ ამ დავის საგანი ერთ სიტყვაში არის ცილისწამება.

სასამართლომ უნდა იმსჯელოს სიტყვისა და გამოხატვის კანონიდან გამომდინარე.

დავის ავტორი მე ვარ. ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოადგენდა, რომლისთვისაც ყველაზე ღირებული და ფასეული რამ არის გამოხატვის თავისუფლება და მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება საჯარო დებატებისა და დისკუსიების გაძლიერებაზე ვმუშაობდი.

მოპასუხე მხარე არის ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერის სტატუსით სარგებლობს და მან, თავისი ძალაუფლების პირობებში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა.

საქმეში მოცემული სადავო განცხადებები მხოლოდ შეფასებითი რომ იყოს და ამას არ ვხედავდე როგორც განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელებას, მერწმუნეთ, მორალურად და ემოციურად ეს განცხადებები რამდენად მიუღებელი, პროვოკაციული და შოკისმომგვრელი არ უნდა ყოფილიყო, არ მივანიჭებდი იმდენ მნიშვნელობას, რომ სასამართლოში მედავა.

რატომ მოვიდა ეს საქმე სასამართლომდე: ერთი განცხადებიდან ამონარიდს წავიკითხავ, კობახიძისა: „ფაქტი იყო ასეთი, თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი.“

აღარ გავაგრძელებ და არც სხვა განცხადებებზე გავამახვილებ ყურადღებას. ფაქტი ბუნებაში ასეთი არ ყოფილა. ძალიან მინდა მოვისმინო მსჯელობა, კითხვა მაინც დაისვას სასამართლოში, როდესაც ბატონი კობახიძე ამ განცხადებებს აკეთებდა, ეს იყო გააზრებული თუ დაუდევრობა იყო? გადაამოწმა? რა ძალისხმევა გაიღო ამისთვის.

დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ შეწყვეტს ამ საქმეს. ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება. დაადგინოს სასამართლომ, ეს იყო მიზანმიმართული თუ დაუდევრობის შედეგი.

ძალაუფლების დემონსტრირებაა თუ სასამართლოს უპატივცემულობა, რომ აქ [დარბაზში] მოპასუხეს ვერ ვხედავ?",- თქვა მზია ამაღლობელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები