"მოსავლის მართვის კომპანია" 54 რეზერვუარს ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი 27 აგვისტოს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 068 863 ლარია. წინადადებების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.
შესყიდვის ობიექტია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში მდებარე, შპს "მოსავლის მართვის კომპანიის“ ტერიტორიაზე არსებულ ბეტონის პედესტალებზე ღიად განსათავსებელი რეზერვუარები და დახურულ შენობაში განსათავსებელი რეზერვუარები და მათი მონტაჟი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია 10 ერთეულ 300-ტონიან, 40 ერთეულ 150-ტონიან და 2-2 ერთეულ 50-ტონიან და 16-ტონიან რეზერვუარებზე.
აღსანიშნავია, რომ "მოსავლის მართვის კომპანიას" მიმდინარე წლის 6 აგვისტოს განკარგულებით დაევალა გურჯაანის სოფელ მუკუზანში ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა/აღჭურვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ამავე განკარგულებით განსაზღვრულია, რომ შპს მოსავლის მართვის კომპანიისთვის 2025 წლის 26 წლის განკარგულების ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან, 17 მლნ ლარი მიმართული უნდა იქნეს გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა/აღჭურვისთვის.
ცნობისთვის
"მოსავლის მართვის კომპანიის" 100%-იანი წილის მმართველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოა”. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია რთველის სუბსიდირების ფარგლებში ჭარბ ყურძენს იბარებს და მისგან ღვინო-მასალასა და საკონიაკე სპირტს აწარმოებს.
2025 წელს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 145.7 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარა, რაზეც სახელმწიფომ 240 მილიონი ლარი დახარჯა. ეს მთლიანი მოსავლის, 330 ათასი ტონის, დაახლოებით 44% იყო. თუმცა, სუბსიდიის პარალელურად, როგორც კომპანიის ფინანსური ანგარიშგებდან ირკვევა, კომპანიამ ასევე გამოიყენა საბანკო კრედიტი, რაც ყურძნის შესყიდვაზე მიიმართა.




























