მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსახლეობა აცრის აუცილებლობაში უნდა დავარწმუნოთ... შემოდგომას მაღალი იმუნური ფენით უნდა შევხვდეთ“

62c42fd39df92
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.22 10:15
602
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, იმუნური ფენის შექმნა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

NCDC-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აცრების რაოდენობის გაზრდის მიზნით, პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს ხელახლა გადაამზადებენ.

„ჩვენი დონორები - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების სააგენტო, ასევე გერმანიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის და მსოფლიო ბანკის ჩართულობით ამ ზაფხულს მოსახლეობასთან და პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან უფრო მეტი საკომუნიკაციო კამპანია იქნება. პირველადი ჯანდაცვის ექიმების აქტიური გადამზადება თავიდან მიმდინარეობს, რათა მათ მეტად დაარწმუნონ მოსახლეობა იმაში, რომ აცრა კოვიდის დაცვის მთავარი იარაღია.

ჩვენ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც მარტში ჩავატარეთ, როგორც ინფექციის გადატანის, ასევე ვაქცინაციის შედეგად იმუნური ფენა ჯამში, 85% იყო. იმუნური ფენა ბოლო აცრის ან ვირუსის გადატანიდან 5-6 თვის შემდეგ მცირდება და ამიტომ ყოველ 6 თვეში ერთხელ მისი გაძლიერებაა საჭირო. ჩვენი მიზანია, რომ შემოდგომას მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ, რამეთუ ჩვენი გათვლებით დღეისთვის ეს იმუნური ფენა 60-65%-მდე იქნება ჩამოსული. საჭიროა იმუნური ფენის გაძლიერება აცრების საშუალებით, ქვეყანაში ამის საშუალება არის და მოსახლეობა აცრის აუცილებლობაში მეტად უნდა დავარწმუნოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში covid-ინფიცირების მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში რაიმე სახის შეზღუდვის შემოღება არ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები